კილიან მბაპეს ბოლო დროს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. ამჯერად მასზე ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა და პსჟ-ს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ისაუბრა.
ის ფიქრობს, რომ მბაპეს გარშემო გუნდის აშენება რთულია და დადგა დრო, რომ პსჟ-მ კილიანი გუნდიდან ნებისმიერ ვარიანტში გაუშვას.
„პსჟ-სთვის სასიკეთოდ ვფიქრობ დადგა დრო, რომ მბაპე წავიდეს, ნებისმიერ შემთხვევაში. „პარი სენ-ჟერმენი“ არსებობდა კილიან მბაპემდე და იარსებებს მის შემდეგაც. მისი საქციელით ბოლო ორი წლის განმავლობაში მბაპე ამტკიცებს, რომ ის ჯერ კიდევ არ არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის გაძღოლა შეუძლია. ის დიდი მოთამაშეა, მაგრამ არა ლიდერი. დიდებული გოლეადორია, მაგრამ არა კრეატიული. მის გარშემო გუნდის აშენება რთულია“, - თქვა ლეონარდომ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე ზაფხულს მას პარიზული კლუბის დატოვება მოუწევს.