საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი ამბობს, რომ ევროპის საკლუბო რაგბის ოჯახში (EPCR) ‘შავი ლომის’ მიღება გუნდური მუშაობის შედეგია:
„ქართული რაგბის დიდი ხნის ოცნების ასახდენად მოლაპარაკებები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ფაქტობრივად შეუძლებელს მივაღწიეთ. ეს არის საკლუბო ტურნირების მწვერვალი, რაც კიდევ უფრო მეტი წინსვლის შესაძლებლობას მოგვცემს. დიდი მადლობა EPCR-ის ხელმძღვანელობას ქართული და გლობალური რაგბისთვის მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“.
„ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის მთელს გუნდს – სოსო ტყემალაძეს, რომლის ღვაწლი განუზომლად დიდია ქართული რაგბის ბოლოდროინდელ წარმატებებში; ბაჩო ხურციძეს, რომლის ინიციატივაც იყო ‘შავი ლომის’ შექმნა და დღეს, დაარსებიდან 2 წლის თავზე, ეს ფრენჩაიზი დიდი ევროპული საკლუბო რაგბის ოჯახის წევრი ხდება; ასევე მადლობა ნიკა ალავიძეს და ლევან ღვაბერიძეს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული EPCR-თან მოლაპარაკებებში; რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელს და რა თქმა უნდა მორაგბეებს, რომელთა თავდადება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა“.
„ეს უდიდესი წარმატებაა არა მხოლოდ ქართული რაგბისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მასში უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, რომლის თანადგომის გარეშე ეს ბედნიერი დღე ვერ გვექნებოდა“.
„რაგბი გუნდური სპორტის სახეობაა და სწორედ ამ გუნდურობის დამსახურებაა ჩვენთვის ევროპის საკლუბო რაგბის კარი რომ გაიხსნა. დარწმუნებული ვარ, ‘შავი ლომი’, ქართული სარაგბო ელემენტებითა და ღირებულებებით კიდევ უფრო საინტერესოს გახდის EPCR-ის ტურნირებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ სარაგბო ოჯახს და ჩვენს ქვეყანას ამ წარმატებას – გუნდურობა ოცნებებს ახდენს!“.
შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, EPCR-ის ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები ფრანგული ‘კასტრი’ და ‘კლერმონი’, ინგლისური ‘გლოსთერი’, შოტლანდიური ‘ედინბურგი’ და უელსური ‘სქარლეთსი’ იქნებიან.
RUGBY.GE