ფეხბურთი

21:15 | 6.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კანავარო: "კვარაცხელიას მომატება შეუძლია, მაგრამ ახლა ცოტა სხვაგვარად უნდა ითამაშოს"

იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად „ნაპოლის“ დაეთმო.

ლეგენდარულმა მცველმა ისაუბრა გასულ და მომდევნო სეზონებზე, ლუჩანო სპალეტიზე, რუდი გარსიასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც. მან ქართველ ფეხბურთელს ურჩია, რომ მოედანზე ახალი და განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს, რადგან მეტოქეებმა მისი თამაშის მანერა გარკვეულწილად უკვე შეისწავლეს.

- წინა სეზონში „ნაპოლის“ მატჩებს არ ტოვებდით...

- იმიტომ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლი“ იდეალური მანქანა იყო, ზედმეტად ძლიერი, ვიდრე სხვები. თანამედროვე ფეხბურთი და ახალი იდეები ჰქონდა, ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური ძალა. სპალეტის ხელში განაპირა მცველები თამაშის ცენტრში ავტომატურად იყვნენ და გუნდი ბურთს ძალიან სწრაფად იბრუნებდა.

- დიახ, მაგრამ სპალეტი გუნდში აღარ არის...

- ის ყოველთვის დარჩება ნეაპოლიტანელთა გულში. მის „ნაპოლიზე“ წლების განმავლობაში ვისაუბრებთ. მეგონა, რომ „აძურიში“ კიდევ ერთი წელი დარჩებოდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

- სკუდეტოსთვის ბრძოლაში „ნაპოლი“ რომელ რიგში უნდა მივიჩნიოთ?

- ისევ პირველ რიგში, ეჭვგარეშეა. მიუხედავად იმისა, რომ კიმის დაკარგვა მანერვიულებს. კორეელი ძალიან ძლიერია და მისი შეცვლა ადვილი არ იქნება. თუმცა, „ნაპოლი“ სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე. გამარჯვების შემდეგ ყველაფერი უკეთ გამოგდის, ნაკლებად რთულია რაღაცების გაკეთება. იცი, რა არის გამარჯვების გზა და ეს რა თქმა უნდა, უპირატესობაა.

- კვარა ისევ მოახერხებს განსხვავების შექმნას?

- ჭკვიანია და გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს. მან ძალიან კარგად ითამაშა სეზონის პირველ ნახევარში, შემდეგ ცოტა გაუჭირდა, რადგან იტალიაში მეტოქეებს სწავლობენ და უფრო მკაცრი მეურვეობა მიდის. ამიტომ, მას მოედანზე ახალი გამოსავლის მოძებნა მოუწევს.

- რა იცვლება გარსიასთან ერთად?

- ზოგჯერ რთულია გარკვეული ტიპის თამაშს შეჩვეული გუნდის შეცვლა, პირველი მატჩები მაინტერესებს როგორი იქნება. ადვილი არ იქნება, მაგრამ სპალეტი ვისაც არ უნდა შეეცვალა, არავისთვის იქნებოდა მარტივი.

- რას ელით ფრანგისგან?

- სასიამოვნო ფეხბურთს. ნეაპოლიტანელთა კულტურაშია კარგი ფეხბურთის თამაში.

- ვის შეუძლია უფრო მეტი აჩვენოს მომდევნო სეზონში?

- ჟელინსკის. მას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რომ ძალიან ნიჭიერია. ის ყოველთვის 6 ნომერზე თამაშობს, მაგრამ 8 ნომრის უნარები აქვს. ველოდები, რომ პიოტრი ლიდერი იქნება.

- პსჟ-მ მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა: ან კონტრაქტს განაახლებ, ან წახვალ. ეს გაშფოთებთ ოსიმენთან მიმართებაში?

- რა თქმა უნდა, ისეთი კლუბები, როგორიც პსჟ ან „მანჩესტერ იუნაიტედია“, თუ გადაწყვეტენ, რომ იტალიური კლუბიდან ფეხბურთელი შეიძინონ, ამას გააკეთებენ. ეს არის დღევანდელი რეალობა და ბაზარზე არსებული ძალები. საკუთარი თავის მოტყუებას აზრი არ აქვს. თუმცა, დე ლაურენტისმა აჩვენა, რომ ფეხბურთელების ისე შეცვლა შეუძლია, რომ გუნდმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს.

- „ნაპოლი“ ერთადერთი ფავორიტია თუ არა?

- ბოლო 20 წლის ისტორია გვასწავლის, რომ სკუდეტოს შენარჩუნებას მილანური კლუბების და „იუვენტუსის“ გარდა, ვერავინ ახერხებს. „ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორედ რომ მოიგოს, ეს გამონაკლისი იქნება. სხვა საკითხებთან ერთად, ჩემი აზრით, ბოლო სამ წელიწადში იტალიის საუკეთესო გუნდი შემადგენლობით ყოველთვის „ინტერი“ იყო. მათ ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაიმატეს. მცველი ბისეკი ძალიან ძლიერია, მარკუს ტურამს შეუძლია სერია A-ში გაუმჯობესება, ფრატეზის არ აქვს ბროზოვიჩის უნარები, მაგრამ ბარელასთან ერთად ორმაგი ძალაა. ჩალჰანოღლუ ძლიერია და ასლანმა შეიძლება მოუმატოს. „ნერაძური“ მაინც „ნაპოლის“ დონეზეა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128456