მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები ბრძოლას V-VIII ადგილებისთვის აგრძელებენ.
მას შემდეგ, რაც გ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სამხრეთ აფრიკამ არგენტინას 24:16 სძლია, ჩვენ და მასპინძლებს თანაბარი – 9-9 საცხრილო ქულა მოგვიგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გატანილ-გაშვებული ქულების უკეთესი ბალანსი ჰქონდა (+23 საქართველოს, +10 სამხრეთ აფრიკას), დებულების თანახმად, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭა და სამხრეთ აფრიკამ პირველი (თასის ნახევარფინალში გამსვლელი), საქართველომ კი მეორე ადგილი დაიკავა.
ჯგუფური ეტაპის 3-3 თამაშის შემდეგ, საქართველოს 12 გუნდს შორის კვლავ ყველაზე ცოტა, 5 ლელო აქვს გაშვებული. 7-7 ლელო გაუშვეს საფრანგეთმა და არგენტინამ, 8 კი სამხრეთ აფრიკამ. საქართველო მეორეა გაშვებული ქულებით (50) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩება (45).
მთლიანობაში, ჯგუფური ეტაპის შედეგად თასის ნახევარფინალში საფრანგეთი (1), ირლანდია (2), სამხრეთ აფრიკა (3) და ინგლისი (4) გავიდნენ; მე-5 ადგილის ნახევარფინალში ახალი ზელანდია (5), საქართველო (6), უელსი (7) და ავსტრალია (8) ითამაშებენ; მე-9 პოზიციისთვის – არგენტინა (9), იტალია (10), ფიჯი (11) და იაპონია (12).
შესაბამისად, საქართველოს მომავალი მეტოქე მე-5 ადგილის ნახევარფინალში უელსი იქნება. შეხვედრა 9 ივლისს, პარლში ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნები 14 ივლისს მე-5 ადგილისთვის, ახალი ზელანდია/ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, მარცხის შემთხვევაში კი მე-7 ადგილისთვის ამ წყვილს შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება და ნებისმიერ შემთხვევაში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სარეკორდო ადგილს დაიკავებს (2018 წელს მე-9 ადგილი, 2016, 2017 და 2019 წლებში – მე-10 ადგილი. კოვიდ პანდემიის გამო, 2020-2022 წლებში ჩემპიონატი არ ჩატარდა).
უელსმა წლევანდელი ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. ახალ ზელანდიასთან ისინი პირველი ტაიმის შემდეგ 19:5 დაწინაურდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 26:27 დამარცხდნენ; იაპონიასთან ტაიმი უკვე თავად დათმეს 15:19, თუმცა მეორე ნახევრის დებიუტში მეტოქე კაცნაკლული დარჩა და უელსმა 41:19 იმარჯვა; საფრანგეთი უელსთან კაცნაკლული მე-15 წუთზე დარჩა, თუმცა მაინც დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ 43:19 გაიმარჯვა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატების ისტორიაში, საქართველო უელსელ თანატოლებს ერთადერთხელ, 2016 წელს ეთამაშა. ის ტურნირი 12-გუნდა ელიტაში ჩვენი გუნდისთვის პირველი იყო და ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში მეტოქემ დაძაბულ ბრძოლაში 10:9 იმარჯვა.
9 ივლისი
IX-XII ადგილების ნახევარფინალები
იტალია (10) – ფიჯი (11) 13:00 საქ. დრო
არგენტინა (9) – იაპონია (12) 15:30 საქ. დრო
V-VIII ადგილების ნახევარფინალები
ახალი ზელანდია (5) – ავსტრალია (8) 16:00 საქ. დრო
საქართველო (6) – უელსი (7) 18:00 საქ. დრო
თასის ნახევარფინალები
ირლანდია (2) – სამხრეთ აფრიკა (3) 18:30 საქ, დრო
საფრანგეთი (1) – ინგლისი (4) 21:00 საქ. დრო
ფინალები. 14 ივლისი
rugby.ge