საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს გამთენიისას გერმანიაში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, 7-9 ივლისს ჰამბურგში ითამაშებს.
პირველი, ალგარვეს ეტაპის შემდეგ ჩვენი გუნდი 18 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ირლანდიას ჩამორჩება, რომელთანაც ფინალი 10:19 დათმო. ჰამბურგში საქართველო ბ ჯგუფში, პორტუგალიასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ითამაშებს.
ტურნირი სამდღიანია და 7 ივლისს ჩვენი გუნდი მხოლოდ ერთ თამაშს გამართავს – საქართველოს დროით 17:51 საათზე რუმინეთთან; 8 ივლისს 13:56 საათზე იტალიას, ხოლო 17:34 საათზე პორტუგალიას ვხვდებით. შეგახსენებთ, თითო ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო და ორიც უკეთესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის.
ჰამბურგის ეტაპზე ა ჯგუფში ირლანდია, ესპანეთი, გერმანია და ჩეხეთი, ხოლო გ ჯგუფში საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია და ლიეტუვა მოხვდნენ. ორი ეტაპის ჯამში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (იმ გუნდების გამოკლებით, რომლებიც მსოფლიო სერიის მონაწილეები უკვე არიან – ირლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი), მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს.
ალგარვეს ეტაპის შედეგიდან გამომდინარე, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ჩვენი გუნდი შესარჩევ ტურნირს ითამაშებს, თუმცა ჰამბურგში ევროპის ჩემპიონატის მედლების მოპოვებასაც ეცდება.
„ევროპულ თამაშებზე გამოჩნდა, რომ ბიჭები გადაღლილები იყვნენ. ამიტომ ეს პერიოდი ძირითადად აღდგენას დაეთმო და მხოლოდ ერთი დღით შევედით შეკრებაზე მარტყოფის ბაზაზე. ვფიქრობ, ასე უფრო მეტი ენერგიით შევხდებით ჰამბურგის ეტაპს. იმისათვის, რომ მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში მოვხვდეთ, საქმის დაახლოებით 70% გაკეთებული გვაქვს, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დავასრულოთ და პრიზიორებს შორის მოვხვდეთ“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე და ჩვენს შანსებს აფასებს:
„ტრავმა მოიშუშა და ჰამბურგში ჩვენთან ერთად მოდის გიორგი კურტანიძე. სხვა მხრივ ის შემადგენლობა შევინარჩუნეთ, რომლითაც ევროპულ თამაშებზე გამოვედით. ჯგუფში გვყავს რუმინეთი და იტალია, რომლებიც წელს უკვე დავამარცხეთ, ასევე პორტუგალია, რომელიც უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა“.
ჰამბურგში საქართველო მხოლოდ ჩვენი 7-კაცა ნაკრებით არ იქნება წარმოდგენილი. ქართველი რეფერი სულხან ჩიხლაძე მსაჯის რანგშია მიწვეული. აღსანიშნავია, რომ წელს ჩიხლაძე ევროპის სამივე უმაღლესი დონის 7-კაცა ტურნირზე მიიწვიეს – რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ალგარვესა და ჰამბურგში და ევროპულ თამაშებზე კრაკოვში.
7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი):ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), ირაკლი სიმსივე (აია), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი ფრუიძე (ბათუმი), რომან მახათაძე (ყოჩები), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), გიორგი კურტანიძე (ლელო).
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
RUGBY.GE