ფეხბურთი

22:22 | 4.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" საქართველოს სუპერთასი მეცხრედ მოიგო

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასი, რომელიც წელს განახლებული ფორმატით ჩატარდა, „დინამო თბილისმა“ მოიგო.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში „დინამო არენაზე“ „დინამო ბათუმი“ პენალტების სერიით დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა, ბათუმელები უფრო ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლოს უპირატესობა ხელიდან გაუშვეს.

25-ე წუთზე ჯოვინომ გია გეგუჩაძის გუნდი დააწინაურა, ამ უპირატესობას სტუმრები კარგა ხანს ინარჩუნებდნენ, 77-ე წუთამდე, სანამ 18 წლის გაბრიელ სიგუამ თავური დარტყმით არ გაათანაბრა. მერე გიორგი ლორიამ მაგარი ბურთი მოიგერია და შეხვედრაც ფრედ დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც „დინამო თბილისმა“ 4:3 მოიგო. ბათუმელებმა 6-დან 3 პენალტი ვერ გაიტანეს, ორჯერ ბურთი ხარიხას მოხვდა, ერთხელ ლორიამ მამუკა კობახიძეს აჯობა. გადამწყვეტი პენალტი კი სიგუამ ზუსტად დაარტყა.

ამრიგად, „დინამო თბილისმა“ საქართველოს სუპერთასი ისტორიაში მეცხრედ მოიგო. აქვე გეტყვით, რომ დღესვე მესამე ადგილისთვის მატჩში „ტორპედომ“ გორის „დილას“ შინ ასევე პენალტების სერიაში აჯობა (5:4). საქართველოს სუპერთასზე ოთხივე თამაშში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო.

ხსენებული ოთხივე კლუბი ევროტურნირებისთვის ემზადება, მათ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩები სულ რაღაც ერთ კვირაში ელოდებათ.

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 1:1 (1:0) პენ: 3:4

გოლები: 1:0 ჯოვინო (25), 1:1 სიგუა (77)

„ტორპედო“ – „დილა“ 0:0 პენ: 5:4 (0:0)

0.081468