ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, იაპონურ „ვისელ კობეში“ ბოლო მატჩი ივლისის დასაწყისში ჩაატარა. 39 წლის ფეხბურთელი „ჰოკაიდო კონსადოლ საპოროსთან“ (1:1) მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და შეხვედრის 56-ე წუთზე შეცვალეს.
შემდეგ ესპანელმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებისადმი ემოციური გზავნილი გამოაქვეყნა.
„მადლობელი ვარ ასეთი სიყვარულისთვის, მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი მომენტებისთვის. ამ დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მუდამ მადლიერი ვიქნები თქვენი.“ - წერს ინიესტა თავის გვერდზე.
ესპანელის გამოსამშვიდობებელ მატჩზე სტადიონი სავსე გახლდათ - „ნოევირის“ არენაზე 30 ათასი გულშემატკივარი მივიდა. მათ ტრიბუნებზე გამოფინეს ესპანელის გამოსახულება „ვისელ კობეს“ რვანომრიანი მაისურით, ასევე მათ ხელში სამადლობელი ბანერები ეჭირათ.
ინიესტას იაპონურ ლუბში ხუთწელიწადნახევრიანი ყოფნის განმავლობაში, „ვისელ კობეს“ საუკეთესო შედეგი J-ლიგაში 2021 წლის სეზონში მესამე ადგილი იყო. ამავდროულად, 2019 წელს კლუბმა ისტორიაში პირველი თასი - იმპერატორის თასი მოიგო.
ინიესტა კარიერის დასრულებას არ აპირებს და ჭორების თანახმად, მან, შესაძლოა, გამოსვლა ევროპაში ან სამხრეთ ამერიკაში გააგრძელოს.