ფეხბურთი

22:23 | 3.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ფროზინონემ" გიორგი კვერნაძის ტრანსფერი დაადასტურა

"ფროზინონეს" ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა გიორგი კვერნაძის ტრანსფერი. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიაში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვერნაძე "ფროზინონეს" ფოთის "კოლხეთიდან" ერთწლიანი იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვარიანტით შეუერთდა. იტალიური მედია წერს, რომ გამოსასყიდი ფასი 3 მილიონი ევრო იქნება.

გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, შარშან „თელავში“ თამაშობდა, ხოლო იანვრიდან „დინამო ბათუმში“ იყო, სადაც მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, მისი სატრანსფერო უფლებები კი ფოთის "კოლხეთს" ეკუთვნის. გიორგის მიმართ „ფროზინონე“ ინტერესს რამდენიმე თვის განმავლობაში იჩენდა. ასე რომ, მომდევნო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, იტალიის სერია A-ში კვერნაძეც ითამაშებს, ხოლო მისი კლუბის მიზანი ცხადია, ელიტაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

„ფროზინონე“ მომდევნო სეზონს სერია A-ში გაატარებს, ისტორიაში მესამედ 2015-2016 და 2018-2019 წლების სეზონების შემდეგ. გუნდს გასულ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი ფაბიო გროსო ავარჯიშებდა, მაგრამ მან თანამდებობა დატოვა და ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეცვალა.

აქვე ვთქვათ, რომ იტალიის სერია A-ში აქამდე ოთხ ქართველ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები: კახა კალაძეს "მილანსა" და "ჯენოაში", ლევან მჭედლიძეს "პალერმოსა" და "ემპოლიში", ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" და ლუკა ლოჩოშვილს "კრემონეზეში".

0.115465