მესამე ევროპული თამაშები ოფიციალურად დამთავრდა. კრაკოვში, ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ დაიხურა კონტინენტის თამაშები და "კრაკოვი-მალოპოლსკა 2023“ ისტორიის კუთვნილება გახდა.
ცერემონია 39 ნაწილისგან შედგებოდა, რომლის უმრავლესობა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები იყო. შოუში ცნობილი პოლონური და კონკრეტულად კრაკოვული ანსამბლები და არტისტები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ნომერი -„ველური ცეკვები“ უკრაინელმა მომღერალმა იულია ბელეიმ შეასრულა.
თამაშების მონაწილე გუნდებმა სტადიონზე ანსამბლ მალა არმია იანოსიკას წარმოდგენის შემდეგ შემოაბიჯეს. საქართველოს ნაკრების მედროშე კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის ვერცხლის მედალოსანი, მოკრივე ლაშა გურული გახლდათ.
მუსიკალური ნომრების შემდეგ ოფიციალურ პირებს და გულშემატკივრებს მალოპოლსკის მხარის მარშალმა ვიტოლდ კოზლოვსკიმ, კრაკოვის მერმა იაცეკ მაიხროვსკიმ და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა მიმართეს.
4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი - ამ შედეგით დაასრულა საქართველომ წლის მთავარი მულტისპორტული ღონისძიება. 9 მედლით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 4 პირველი ადგილით ჩვენმა გუნდმა თამაშების მონაწილე 48 ქვეყანას შორის, გუნდურ ჩათვლაში, მე-19 ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენებმა 9 მედალი, და მათ შორის 4 ოქრო მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტულ პროგრამაში არ ჩართო სახეობები, სადაც ჩვენი ათლეტები გამორჩეულად წარმატებულები არიან. თუნდაც იგივე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა. ძიუდოში მხოლოდ გუნდური მედლები გათამაშდა. საერთოდ არ უასპარეზიათ სამბისტებს, არადა, ოთხი წლის წინ, მინსკში, ევროპის II თამაშებზე ამ სახეობაში ქართველებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს.
რადგან ოთხი წლის წინანდელი ღონისძიება გავიხსენეთ, ორიოდ სიტყვით შეგახსენებთ ჩვენი გუნდის წინა შედეგებს 2015 წელს, ბაქოში, I ევროპულ თამაშებზე საქართველომ 2 ოქროს, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედლით გუნდური XXI ადგილი დაიკავა. აზერბაიჯანის დედაქალაქში ოქროს მედლებით გაგვახარეს ძიუდოისტებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100კგ).
2019 წელს, მინსკში, II თამაშებზე, ქართველებმა დიდებულად იასპარეზეს და 7 ოქროს, 9 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედლით საუკეთესო ათეულში მოხვდნენ - VI ადგილი! მინსკში ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), სამბისტები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ), ლევან ნახუცრიშვილი (75კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100კგ), ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) მოგვიანებით დაჯილდოვდა თამაშების ოქროს მედლით, რადგან მისი ბელარუსი მეტოქე დოპინგზე ჩავარდა.
რაც შეეხება ევროპის III თამაშებს, ის 21 ივნისს დაიწყო, ჩვენ გუნდს კი პირველი ოქროს მედალი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მოუტანა. მისი გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში გაგვახარა ზურაბ კინწურაშვილმა, რომელმაც ტაეკვონდოში, 74კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. 1 ივლისს, ძიუდოისტებმა მოიგეს შერეული გუნდების პირველობა, ბოლო საშეჯიბრო დღეს, კიკბოქსიორი ლუკა შონია (75კგ) დადგა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.
პოლონეთში ვერცხლის მედლები მოიგეს ზაზა ნადირაძემ (კანოე; 200მ) და ლაშა გურულმა (კრივი, 63,5კგ), ხოლო კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგნენ გოგიტა არქანია (კარატე; +84კგ), ელენე ლოლაძე (ტაილანდური კრივი - მუაიტაი; 54კგ) და ზურაბ ივანიაძე (კიკბოქსინგი; 86კგ).
კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში პარიზის საგაისო ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ (სპორტული პისტოლეტი) და მოკრივე ლაშა გურულმა.
როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, მესამე ევროპულ თამაშებზე ჩვენი დელეგაცია წარმატებით გამოვიდა, სეოკ-ის, სამინისტროს და სპორტული ფედერაციების ერთობლივმა საქმიანობამ კარგი შედეგი გამოიღო: „იმის მიუხედავად, რომ ამჯერად თამაშების პროგრამაში შეტანილი არ იყო ჩვენთვის ყველაზე წარმატებული სახეობები, ძიუდოისტები კი მხოლოდ გუნდურად გაეჯიბრნენ ერთმანეთს, პოლონეთში ოთხჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი, გუნდურ ჩათვლაში კი, პირველ თამაშებთან შედარებით, ორი საფეხურით დავწინაურდით. გარდა ოლიმპიური სახეობებისა, მედლები მოიპოვეს არაოლიმპიური სახეობების წარმომადგენლებმა, რომელთა მზადების პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული სეოკ-ი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხელი შეუწყო ევროპულ თამაშებზე ჩვენი დელეგაციის წარმატებულ გამოსვლას - სამინისტროს, სპორტულ ფედერაციებს, მწვრთნელებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც თავდადებით იბრძოლეს და მედლებით გაგვახარეს.
სასიხარულოა, რომ აქვე მოვიპოვეთ პირველი ოლიმპიური ლიცენზიები და იმედი გვაქვს, გაისად, პარიზის თამაშებზე ბრძოლისუნარიანი გუნდით წარვდგებით. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი, რასაკვირველია, სწორედ მომავალი ოლიმპიადისთვის მზადება იქნება.“
GEONOC.ORG.GE