არგენტინასთან 20:0 მოგებული მატჩის შემდეგ, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი დღე აღდგენას დაუთმეს და იტალიასთან 4 ივლისს გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.
თამაში პარლში, „გიმნაზიუმის“ სტადიონზე საქართველოს დროით 13 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგს დააფიქსირებენ, ანუ მინიმუმ მე-5-8 ადგილებისთვის ითამაშებენ. ვარიანტები ბევრია, ამიტომ მათი განხილვით თავს არ შეგაწყენთ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სამივე ჯგუფის გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი უარესი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; მესამე მესამეადგილოსანი და ჯგუფის მეოთხეადგილოსნები კი მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ. 2016 წლიდან დღემდე, როდესაც საქართველო 12-გუნდა ელიტაში დაწინაურდა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამჯერ დაიკავეს მე-10 ადგილი, 2018 წელს კი ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი ჰქონდათ – მე-9 ადგილი.
როგორ ემზადება ჩვენი გუნდი იტალიასთან პრინციპული დაპირისპირებისთვის? ამის შესახებ ფიზ. მომზადების მწვრთნელი გივი ნადარეიშვილი, შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი და დაცვის მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი გვესაუბრებიან.
საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშიოთხდღიანი ინტერვალით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უკვე გამართეს ორი ურთულესი თამაში სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან. 80 წუთის განმავლობაში ინტენსივობა მაღალი იყო და ქართველ მორაგბეებს გამძლეობის მხრივ პრობლემა არ შექმნიათ, რაც მათ კარგ ფიზიკურ მომზადებაზე მეტყველებს. წინ კიდევ სამი თამაშია და მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ენერგია სწორად გადაანაწილოს. როგორ ემზადებიან უმცროსი ბორჯღალოსნები მომავალი ჯახებისთვის, ამის შესახებ ფიზ. მომზადების მწვრთნელი გივი ნადარეიშვილი გვესაუბრება:
„პირველი, 8-კვირიანი შეკრების დროს, დიდი ყურადღება დაეთმო ფიზ. მომზადებას. პირველივე დღიდან ვაკონტროლებდით მოთამაშეების ფიზიკურ კონდიციებს და პერიოდულად ხდებოდა მათი გადამოწმება. გუნდის 99%-ს ჰქონდა მატება ძალაში, გამძლეობაში და ა.შ. სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან მთელი 80 წუთის განმავლობაში შევინარჩუნეთ მაღალი ტემპი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გუნდი კარგ ფიზიკურ კონდიციაშია“.
„პირველ ორ თამაშში ბიჭებმა საკმაოდ დახარჯეს ენერგია. ახლა ჩვენი მიზანია, რომ იტალიასთან თამაშს მაქსიმალურად ენერგიულად შევხვდეთ. ამისათვის ვამცირებთ ვარჯიშების რაოდენობას და ხანგრძლივობას. აქცენტი გადაგვაქვს აღდგენაზე და იმ დეტალებზე, რომელთა გაუმჯობესაბა აუცილებელია, ასევე დიდი დრო ეთმობა ვიდეო-ანალიზს. მთავარი მიზანია – თამაშიდან თამაშამდე შევინარჩუნოთ ეს კონდიციები და გავანაწილოთ ენერგიები“.
„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ბიჭების განწყობისა და ბრძოლისუნარიანობის გარეშე, ვერანაირი ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება ვერ მოგვცემდა ისეთ შედეგს, როგორიც განვლილ ორ შეხვედრაში გვქონდა. მთელი გუნდის სულისკვეთება არის უმაღლეს დონეზე და წარმატების მთავარი საწინდარიც სწორედ ესაა“.
საუკეთესო დაცვა!ალოგიკურია, რომ საქართველო, რომელსაც გ ჯგუფში გატანილ-გაშვებული ქულების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ჯერჯერობით მე-4 ადგილზეა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი ტურის ჯამში 12 გუნდს შორის მიიღეს ყველაზე ცოტა – 3 ლელო. უმცროსი ბორჯღალოსნების დაცვის მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი ამბობს:
„ვფიქრობ, განვლილ ორ შეხვედრაში დაცვაში მაქსიმალურად მობილიზებულად გავისარჯეთ. სამხრეთ აფრიკასთან 3-იდან ორი ლელო კონტრშეტევაზე მივიღეთ, არგენტინასთან კი ქულაც არ გაგვიშვია. ანთებულ გულებთან ერთად, ჩვენი ბიჭები ნებისმიერ სათამაშო სიტუაციაში ახერხებენ საღი გონების შენარჩუნებას, ახდენენ ანალიზს, შეფასებას, რასაც მოყვება სწორი მოქმედებები. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა წინ კიდევ სამი თამაშია და საბოლოო შეფასება ტურნირის ბოლოს გვექნება“.
„ორ თამაშში ყველაზე ცოტა ლელოს გაშვება იმას არ ნიშნავს, რომ დაცვაში შეცდომები არ დაგვიშვია. სწორი ანალიზია საჭირო, რათა შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ. თორნიკე ბუბუტეიშვილის დამსახურებაა მოლში თავს კარგად რომ ვიცავთ და მეტოქე იძულებული ხდება ბურთი ხაზზე გაიტანოს, სადაც ასევე კარგად ვიცავთ თავს. არგენტინამ ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე სულ ორჯერ მოახერხა ხაზის გაჭრა. ეპიზოდები უკვე განვიხილეთ და ვეცდებით მომდევნო თამაშებში მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ“.
რას უნდა ვოლოდოთ იტალიისგან? ამის შესახებ ამონაშვილი ამბობს:
„იტალიამ ორი განსხვავებული თამაში ჩაატარა. სამხრეთ აფრიკასთან მატჩის დროს კარგად მოახდინა ადაპტაცია ამინდთან, თამაში შეკრა და მოლში დიდი უპირატესობა მოიპოვა. არგენტინასთან დებიუტშივე 14 კაცით დარჩა და საბლოო შედეგზე ამან იქონია გავლენა. ველოდებით, რომ ეს გუნდი ჩვენს წინააღმდეგ მოლით, შერკინებითა და ხაზით დაბალანსებულ თამაშს ეცდება. ჩვენთვის ეს კარგი გამოწვევაა და ვფიქრობ, მას მომზადებული ვხვდებით“.
მოლებზე აწყობილი თამაშიგანვლილმა ორმა ტურმა აჩვენა, რომ ჩვენი მომავალი მეტოქის – იტალიის მთავარი კოზირი ძალისმიერი თამაშია. პირველ ორ შეხვედრაში მეტოქეები – სამხრეთ აფრიკა და არგენტინა შერკინებებსა და მოლებში დაჩაგრა საქართველომაც. რა უნდა დავუპირისპიროთ იტალიას? ამის შესახებ შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი გვესაუბრება:
„იტალია ძლიერია სტატიკაში, შერკინებაში, დერეფანსა და მოლში. არგენტინასთან მატჩის დებიუტში მათ დაკარგეს წამყვანი მოთამაშე, ბურჯი, რამაც არია მათი გეგმები და არგენტინამ ღია თამაშში აჯობა. სამხრეთ აფრიკასთან იტალიამ თავისი ძლიერი მხარეები სრულად გამოიყენა, რაშიც ამინდმაც შეუწყო ხელი“.
„რაც შეეხება ჩვენს თამაშს, სამწუხაროდ, შეტევის დერეფანში ბევრი ბურთი დავკარგეთ და მთავარი საფიქრალი ამის გამოსწორებაა. ასევე უკეთესები უნდა ვიყოთ დაცვისა და შეტევის მოლში, რათა მეტოქის ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ და ის წნეხში ვამყოფოთ. იტალიასთან რთული თამაში გველის, თუმცა თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, დარწმუნებული ვარ ამოცანას თავს გავართმევთ“.
RUGBY.GE