საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა საბა ხვადაგიანმა ისრაელთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ურთულესი დღე აქვს და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, მთლიანად სტაფს და გუნდს, ძალიან ბევრი გააკეთეს და მადლობა ამისთვის. მადლობა გულშემატკივარს, რომლებმაც წარმოუდგენელი დღეები გვაჩუქეს, მაგრები ხართ, თქვენ გარეშე და ჩვენი ერთიანობის გარეშე ამდენს ვერ გავაკეთებდით. ბოდიშს ვუხდი ჩემს ბიჭებს და ხალხს, დღეს ყველაზე ურთულესი დღე მაქვს და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ყველას“, - დაწერა ხვადაგიანმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირიდან გამოთიშვის მიუხედავად, ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, თუ საფრანგეთი და ინგლისი ნახევარფინალში გავლენ, სვანაძის გუნდმა ბრძოლა შეიძლება გააგრძელოს.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატი წაგების გარეშე დაასრულა, პორტუგალიას მოუგო, ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ისრაელთან ფრე ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიით ასპარეზობა დაასრულა.