„ფროზინონეს“ მთავარ მწვრთნელად ეუსებიო დი ფრანჩესკო დაინიშნა, რომელმაც იტალიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. სერია A-ში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება. მან ფაბიო გროსო შეცვალა, რომელმაც გუნდი სერია A-ში გადაიყვანა, მაგრამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
დი ფრანჩესკო ბოლოს 2021 წელს „ვერონაში“ მუშაობდა, მანამდე კი „პესკარას“, „ლეჩეს“, „სასუოლოს“, „სამპდორიას“ და „კალიარის“ მწვრთნელი იყო, საუკეთესო პერიოდი კი 2017-2019 წლებში „რომაში“ გაატარა, რომელიც 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. დი ფრანჩესკოს 1998-2000 წლებში იტალიის ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი).
„ფროზინონე“ ისტორიაში მესამე სეზონს ჩაატარებს სერია A-ში და ამ კლუბს გიორგი კვერნაძე შეუერთდება, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ამრიგად, 20 წლის ქართველი სწორედ ეუსებიო დი ფრანჩესკოსთან იმუშავებს.