საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მოისწრაფიშვილმა ისრაელთან ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რთულ მატჩს ელოდებიან, მაგრამ საქართველო გამარჯვებისთვის და გულშემატკივრების გასახარებლად იბრძოლებს:
„ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია, ამიტომ რთულ თამაშს ელოდებით. ვიცით, რომ ისრაელს ძლიერი ნაკრები ჰყავს. ჩვენ რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ.
დასვენებისთვის ერთით მეტი დღე რომ გვქონდა, ეს კარგი იყო. რაც შეეხება თამაშს, ჩემი აზრით, ბურთი უფრო მეტად ჩვენ გვექნება და შეგვეძლება უფრო მეტად შეტევაში თამაში. ვფიქრობ, ჩვენი ძლიერი მხარეც სწორედ ბურთის ფლობა და შეტევაა. ვიცით, რომ სტადიონი სავსე იქნება და ჩვენთვის ეს დიდი მოტივაციაა, რადგან ისინი თამაშის მიმდინარეობისას დიდ ძალას გვაძლევენ“, - თქვა მოისწრაფიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.