საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია გამოეხმაურა. საქმე ისაა, რომ ნაკრების 23-კაციან განაცხადში 6 ფეხბურთელია „დინამოდან“, ხოლო 13 მოთამაშე სულაც „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია.
"საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა, რითაც მთელი ერი გაგვახარა. მსურს 21-წლამდე ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს ეს შთამბეჭდავი წარმატება მივულოცო. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ამ წარმატებაში "დინამო თბილისის" როლი ძალიან დიდია. ნაკრებში ჩვენი აკადემიის აღზრდილი 13 ფეხბურთელი ასპარეზობს, მათგან 6 კი - მოქმედი დინამოელია.
აკადემიის დაარსების დღიდან მჯეროდა და საჯაროდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი სწორი მუშაობა რამდენიმე წელიწადში ქართულ ფეხბურთს წარმატებას მოუტანდა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი კი ამის ნათელი მაგალითია. ჩვენი ნაკრები ევრო 2023-ზე გამოსვლას განაგრძობს და მჯერა, რომ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძოლებენ, - თქვა ფიფიამ.
კომენტარი გააკეთა „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმაც:
„პირველ რიგში მთელ საქართველოს ვულოცავ ასეთ გამარჯვებას. მსგავსი გამარჯვებებით განებივრებულები არ ვართ და ძალიან მახარებს, არა მარტო შედეგი, არამედ თამაში, თავდადება, ჟინი, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა აჩვენეს. ძალიან მაგარი ნამუშევარია მთლიანად სტაფის. ვულოცავ ფედერაციას, რომ ეს ღონისძიება ჩვენთან ტარდება, მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთის განვითარებისთვის. „დინამოსთვის“ ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ფეხბურთელია ამ ნაკრებში ჩვენი აკადემიის აღზრდილი და კონკრეტულად პირველი გუნდიდან დღეს 6 ფეხბურთელია ამ გუნდში. ყველას თამაშით კმაყოფილი ვარ, ვისაც მიეცა შანსი და ვფიქრობ, ქართული ფეხბურთის წარმატებაში „დინამოს“ უდიდესი წვლილია და ეს მახარებს, როგორც ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს. სუპერთასისთვის ვემზადებით არასრული შემადგენლობით, რადგან ნაკრებში გვყავს 6 ფეხბურთელი, მაგრამ ვემზადებით და ვეცდებით, რომ სუპერთასი მოვიგოთ“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მეოთხედფინალური მატჩი 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.