სხვა

13:17 | 28.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023": 27 ივნისის შეჯამება

27 ივნისს მესამე ევროპულ თამაშებზე ჩვენი გუნდიდან ყველაზე გვიან მორაგბეებმა იასპარეზეს. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა ,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ზე" გამოსვლა VII ადგილით დაასრულა.

დღის პირველი თამაში, მე-5-8 ადგილების ნახევარფინალი საქართველოს ნაკრებმა 5:21 წააგო ბელგიასთან, საღამოს მატჩში კი 19:7 დაამარცხა იტალიის ნაკრები გუნდი. ჩვენი გუნდიდან ლელოები ლაშა ლომიძემ, სერგი ჩხაიძემ და ანზორ სიჭინავამ გაიტანეს.

თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს გუნდის ერთ-ერთმა მედროშემ, მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ დღეს 1/32 და 1/16-ფინალური შეხვედრები გამართა. ციკო პირველად ისლანდიელ მარინ ანიტა ჰილმარსდოტირს დაუპირისპირდა და 7:3 გაიმარჯვა (28:20, 27:28, 28:25, 24:24, 27:26), თუმცა 1/16-ფინალში გამოცდილ იტალიელთან, ამ დისციპლინაში ევროპის II თამაშების გამარჯვებულ ტატიანა ანდრეოლისთან დამარცხდა - 4:6. მეტოქემ მხოლოდ მეოთხე სერიაში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ გამარჯვებაც - 24:24, 28:26, 28:28, 22:28, 24:27.

ნოვი ტარგის დარბაზში, მოკრივეთა რინგზე დღეს ჩვენი გუნდის სამი წევრი ვიხილეთ. პირველად ესკერხან მადიევმა (71კგ) გამართა 1/8-ფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ სარხან ალიევთან და მსაჯთა გადაწყვეტილებით 2:3 დამარცხდა. შემდეგ ნიკოლოზ ბეგაძემ (92კგ) იბრძოლა. მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი იყო, მოჰამად აბდულაიევი. ამ შეხვედრაშიც მეტოქემ მოიგო - 3:1 მეორე რაუნდში.

ყველაზე ბოლოს რინგზე არტიუშ გომციანი (57კგ) ავიდა, რომელიც პოლონელ იაროსლავ ივანოვს შეხვდა. საქართველოს ნაკრების წევრმა მშვენივრად იჩხუბა და 4:1 გაიმარჯვა. არტიუშ გომციანი მეოთხედფინალურ პაექრობას ხვალ ჩაატარებს. მისი მეტოქე ესპანელი ხოსე კილეს ბროტონსია.

მოფარიკავეებმა პირადი პირველობები დაასრულეს. დღეს ვაჟებმა დაშნით, ხოლო გოგონებმა ხმლით გამოავლინეს ჩემპიონები. საქართველოს სახელით ტაურონის დარბაზში ოთხი სპორტსმენი ვიხილეთ. სამწუხაროდ, ყველა ნაადრევად გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას: გიორგი ჯავახიშვილმა ჯგუფში ექვსიდან ორი პაექრობა მოიგო, ანზორ ალბრეხტმა კი ერთი. ორივე ფლეი ოფს მიღმა დარჩა.

გოგონებში ალექსანდრა კუვაევამ ჯგუფში ერთი მეტოქე დაამარცხა, ლიკა ჯიჯეიშვილმა კი ჯგუფური ეტაპი დაძლია, თუმცა 1/32-ფინალში დაასრულა ასპარეზობა. მანამდე მან ჯგუფში ორ მეტოქეს სძლია.

დღეს მოფარიკავეები გუნდურ პირველობებს იწყებენ და ტაურონის დარბაზში საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრებსაც ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115694