„ალ-ჰილალის“ ახალწვეულმა კალიდუ კულიბალიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ დატოვებას საჩემპიონო სეზონის წინ არ ნანობს, მაგრამ მხოლოდ იმაზე სწუხს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ვერ ითამაშა.
„ბევრმა მითხრა, რომ „ნაპოლი“ არასწორ დროს დავტოვე, მაგრამ ძალიან მჯერა ბედისწერის და ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. ძალიან ბედნიერი ვარ გულშემატკივრების და კლუბის გამო, რომ სკუდეტო მოიგეს. მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ კვარაცხელიასთან ერთად ვერ ვითამაშე. ვნანობ, რადგან კარგი იქნებოდა. ის ძალიან ნიჭიერია, დრიბლინგებს აკეთებს, გოლებს იტანს, საგოლე პასებიც აქვს, ინდივიდუალურად და გუნდურად თამაში შეუძლია, მისი ფეხბურთი ძალიან ლამაზი სანახავია, გულშემატკივრებს სიხარულს ანიჭებს. კარიერაში დიდ წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ „ნაპოლის“ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრების აღფრთოვანებას გააგრძელებს.
ვფიქრობ, რომ ოსიმენმა თავიდანვე ყველას აჩვენა, თუ როგორი ფეხბურთელი იყო. მას ვერაფერს ვურჩევ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვსაუბრობთ. მან უნდა გადაწყვიტოს დარჩეს თუ არა, „ნაპოლიში“, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ არაფერს ინანებს. ისიც ჩემსავით აფრიკელია და მისი წარმატებები ამიტომ უფრო მეამაყება.
საუდის არაბეთში გადასვლით შევძლებ, რომ ჩემს მთელ ოჯახს დავეხმარო, რათა კარგად იცხოვრონ. ასევე გავაძლიერო სოციალური საქმიანობა, რომლის წყალობით სენეგალში, სოფელ ნგანოში ბავშვთა კლინიკას ვაშენებთ. ეს პროექტის მხოლოდ დასაწყისია ახალგაზრდების დასახმარებლად. ჩემი კავშირი აფრიკასთან ძალიან ძლიერია და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა კარიერას დავასრულებ“, - თქვა კულიბალიმ.
შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი „ნაპოლიში“ 2014-2022 წლებში თამაშობდა და 317 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გასული სეზონი მან „ჩელსიში“ გაატარა, ახლახან კი საუდის არაბეთში გადავიდა, სადაც „ალ-ჰილალთან“ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა.