„ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველი K ლიგის ვებგვერდმა გამოარჩია.
ვაკო ასევე მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მე-19 ტურში მან „დეგუს“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (3:1). ყაზაიშვილი მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს ტურის საუკეთესო ფეხბურთელად.
ვაკო ყაზაიშვილს K ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში თანაგუნდელ ჯო მინ-კიუსთან ერთად ლიდერია.
სხვათა შორის, ეს ყაზაიშვილის მესამე სეზონია სამხრეთ კორეაში და უკვე გაიტანა იმაზე მეტი გოლი (18 შეხვედრაში), ვიდრე წინა ორ შემთხვევაში მთლიანად სეზონში იტანდა. შედარებისთვის, 2022 წლის სეზონში K ლიგაში ვაკომ 37 თამაშში გაიტანა 8 გოლი, 2021 წლის სეზონში კი 34 შეხვედრაში თავი 9-ჯერ გამოიჩინა. როგორც ვთქვით, მიმდინარე სეზონში 18 მატჩში უკვე 10 გოლი აქვს.