„რეჯინას“ მთავარმა მწვრთნელმა და ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფილიპო ინძაგიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის პრეზენტაცია გაიმართა. ინძაგიმ სხვა თემებთან ერთად გაიხსენა გოლი, რომელიც მისი აზრით, მის ნაცვლად იონ დალ ტომასონს ჩაეთვალა.
„ევროტურნირებზე ჩემი 70 გოლიდან გულშემატკივრები ყოველთვის მახსენებენ გოლს, რომელიც ჩემი არ არის და ამაზე ოდნავ მეღიმება. ეს იყო „აიაქსის“ წინააღმდეგ, როდესაც გოლი ტომასონს ჩაეთვალა, მაგრამ მილანისტებისთვის ჩემი გოლია, ამიტომ სტატისტიკა გადახედვას საჭიროებს, რადგან 71 გოლი მაქს (იცინის - რედ)“, - თქვა ინძაგიმ.
პიპომ 2002-2003 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაიხსენა, როდესაც „აიაქსთან“ „მილანმა“ 3:2 მოიგო და ბოლო წუთზე ინძაგის დარტყმის შემდეგ იონ დალ ტომასონმა ბურთი კარის ხაზიდან გადაგზავნა ცარიელ კარში. ეს გადამწყვეტი გოლი და რომ არა ეს გოლი, „მილანი“ ასპარეზობას ეთიშებოდა, არადა, საბოლოოდ, იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ინძაგიმ ასევე ისაუბრა თავის ძმაზე და თქვა, რომ სიმონე პეპ გვარდიოლაზე ცუდი მწვრთნელი არ არის: „სიმონეს კრიტიკა უსამართლოა, ორ სეზონში ხუთ ფინალში გავიდა. თავისი სერიოზულობით და თავდადებით აჩვენა, რომ გვარდიოლას დონეზეა, თუ არ აღემატება კიდეც. გასაგებია, რომ მისი ძმა ვარ და მასზე კარგად ვსაუბრობ, მაგრამ ის მსოფლიოში ხუთ საუკეთესო მწვრთნელს შორისაა“.
„ალეგრისთან ურთიერთობა? ჩემს წიგნში მხოლოდ ლამაზ რაღაცებზე საუბარი მინდოდა. მან ძალიან კარგად იცის რას ვფიქრობ. ჩემთვის ეს თემა დახურულია, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იქნებ, ასე სწორი იყოს. კარიერის „მილანის“ მაისურით დასრულება კარიერის გვირგვინი იყო“, - ასევე თქვა პიპომ მასიმილიანო ალეგრის შესახებ, რომელიც მისი ბოლო მწვრთნელი იყო.
ინძაგი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ალეგრის შესახებ წერს: „სწორედ ალეგრიმ დაასრულა ჩემი კარიერა. „მილანთან“ 2012 წლის გაზაფხულზე მივაღწიე შეთანხმებას კონტრაქტის ერთი წლით განახლებაზე. გასახდელში მნიშვნელოვანი როლი მექნებოდა, რადგან კლუბმა მოკლე დროში დაკარგა მალდინი, პირლო, ნესტა, გატუზო, ზეედორფი. მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებმაც ღრმა სიცარიელე დატოვეს. გალიანი ბედნიერი იყო, რომ ჩემთან შეთანხმება მოახერხა, მაგრამ ალეგრიმ ყველაფერი ჩაშალა. მას გასახდელში ჩემი დანახვა არ უნდოდა და კლუბს უთხრა, რომ ჩემთან კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინათ. ჩემთვის ეს დარტყმა იყო“.
შეგახსენებთ, რომ ფილიპო ინძაგიმ კარიერის განმავლობაში „პიაჩენცაში“, „ვერონაში“, „პარმაში“, „ატალანტაში“, „იუვენტუსსა“ და „მილანში“ ითამაშა, ხოლო იტალიის ნაკრებში 1997-2007 წლებში 57 მატჩში 25 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო კარიერაში კი „მილანის“, „ვენეციას“, „ბოლონიას“, „ბენევენტოს“, „ბრეშას“ და „რეჯინას“ მწვრთნელი იყო.