საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი სეზონი სექტემბერში „ლაციოსთან“ მატჩის წინ (რომელშიც გამარჯვების გოლი გაიტანა ზამბო ანგისას პასით) შეიცვალა, როდესაც ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა მას მატარებელში ესაუბრა და რჩევები მისცა.
სწორედ ამის შესახებ უფრო დეტალურად ილაპარაკა კამერუნელმა ფეხბურთელმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში:
„მასთან დიდხანს ვისაუბრე და ვუთხარი: „შენი წყალობით საქართველო შეიძლება დიდი ქვეყანა გახდეს“. რობერტ ლევანდოვსკის მაგალითი მოვიყვანე, რომელიც პოლონელია. ვუთხარი: „ნუ შეგეშინდება საკუთარი თავის გამოხატვის, ითამაშე შენი ფეხბურთი!“ მან დამიჯერა და მოგვიანებით ის მეუბნებოდა, რომ მისი სეზონი ჩემთან საუბრის შედეგად შეიცვალა.
მე ის ძალიან მომწონს, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი. მუშაობს, რჩევებს უსმენს, გამარჯვების წყურვილი აქვს და უბრალოდ შთამბეჭდავი ფეხბურთელია, მოედანზე შეგიძლია მისი იმედი გქონდეს. როდესაც თამაშობ, უბრალოდ გინდა, რომ ბურთი მას მისცე, რადგან ის, რასაც აკეთებს, გასაოცარია.
ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი მას არ ჰგავს. როცა დიდი ფეხბურთის თამაშს იწყებ, ყველა შენზე საუბრობს და შეიძლება გონება გაგეფანტოს, ის ასეთი არ არის, უბრალოდ მუშაობას, მუშაობას და მუშაობას აგრძელებს, რომ მოიგოს და გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღოს. ის ყოველთვის გესაუბრება, „ეს უნდა გავაკეთო ან ეს გავაკეთო, რას ფიქრობ ამის შესახებ?“ ყოველთვის რჩევას გეკითხება. ასეთი ფეხბურთელის პოვნა ძნელია”, - თქვა ანგისამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.