ფეხბურთი

17:12 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები „სპილენძის კუნძულზე“

17 ივნისს კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მთელი დღე საშინლად ცხელოდა. ეს პაპანაქება დიახაც რომ გააკვირვებდა რაგინდა სიცხის მოყვარულსა და ზღვისპირას გაზრდილ ქართველს. იბუგებოდა რის ვაი ვაგლახით გახარებული ნატანჯი ხეები და არანაკლებად ნატანჯი ადამიანები, რომლებიც რაღაც სასწაული ძალისხმევით, ამგვარ სიცხეში მაინც ახერხებდნენ მუშაობას.

მათ შორის იყვნენ გზის მუშები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის მთელს გაყოლებაზე აგებდნენ ფილაქანს და დიდად სულაც არ გაგვკვირვებია, როდესაც ამ მუშებს შორის, სამი ქართველი ბიჭიც აღმოვაჩინეთ. ჩვენთან ბევრს ჰგონია, რომ ქართველები უცხოეთში ძირითადად უკანონო საქმეებისთვის ჩადიან და სწორედ მათ უნდა აჩვენოთ თაკარა ზის ქვეშ მომუშავე ქართველი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მცირე ხელფასის იმედად პატიოსნად ღვრიდნენ ოფლსა და შეიძლება კიდეც შეცვლოდათ წარმოდგენა ჩვენს ხალხზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

სხვათაშორის, კვიპროსის ისტორიაც ადამიანების მძიმე შრომიდან იღებს სათავეს. როგორც ცნობილია, ამ კუნძულზე ბერძნებმა უხსოვარ დროს სპილენძის საბადოები აღმოაჩინეს და დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, დაიწყეს ღია კარიერული წესით სპილენძის მოპოვება, რაც ახლაც რთულია და იმ ეპოქაში და იმ ტექნოლოგიებით, ნამდვილი საშინელება იყო და უამრავი მუშის სიცოცხლეც შეიწირა.

ქართველ ბიჭებს ჯვარი სწერიათ. ყველამ გაიხარა საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი თანამემამულეების ნახვით და არც პროგნოზების გამოთქმაზე მითხრეს უარი. სამივე მათგანმა კვიპროსის ეროვნულ გუნდთან ჩვენი ნაკრების გამარჯვება ივარაუდა. ერთმა კი როგორ შემდეგში აღმოჩნდა, საერთოდ მატჩის ანგარიში გამოიცნო.

პაპანაქება სიცხის შემდეგ, საღამოს ხმელთაშუა ზღვიდან ისეთმა მაცოცხლებელმა ქარებმა დაბერეს, მთელი კუნძული თითქოს გადასხვაფერდა. კონდინციონერებს მიმჯდარი ხალხი ქუჩებში გამოეფინა და ძალიან გამაკვირვა ტაქსის მძღოლის ნათქვამმა, რომ ისედაც ციცქნა „აეკ არენაზე“ (სულ რაღაც 8 ათასი მაყურებელი ეტევა) მხოლოდ 2 ათასი კვიპროსელის მისვლას ელოდა. გვიკვირდა - ასეთ მშვენიერ გრილ საღამოს, რა უნდა ეკეთებინა ლარნაკაში მცხოვრებ ადამიანს მათი ქვეყნის ნაკრების ქომაგობაზე კარგი?

ცოტას ამ ტაქსისტზეც ვიტყვი... თავიდანვე რუსულად მოგვესალმა და ვიფიქრეთ, ისედაც რუსული ეკონომიკური „ოკუპაციის“ ქვეშ მყოფ კვიპროსზე (ამ კუნძულზე ლამის ყველა დიდი ბიზნესი რუსების ხელშია) რუსი ტაქსისტის ნახვა დიდი ვერაფერი სიამეაო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს კაცი წალკელი ბერძენი იყო, რომელსაც მშობლები წალკიდან კვიპროსში ჩაეყვანა, მაგრამ მოხუც მშობლებს ვერ გაეძლოთ საქართველოს გარეშე და ახლა ისევ უკან, მათ მშობლიურ სახლში დაბრუნებულიყვნენ. ჩვენმა მძღოლმა ფეხბურთიც კარგად იცოდა, საქართველოს ნაკრებსაც ქომაგობდა, მაგრამ განსაკუთრებით თემურ ქეცბაიასა და ომარ თეთრაძეზე იყო გადარეული. ხვიჩა კვარაცხელია რომ აქო და ადიდა - ეს აბა რაღა გასაკვირია?

ტაქსისტის ვარაუდი გამართლდა! კვიპროსელებს დიდად არ შეუწუხებიათ თავი მათი ნაკრების ქომაგობისთვის და ამიტომაც, ტრიბუნებზე ქართველები მასპინძლებზე მეტნი ვიყავით, რაც გამოგიტყდებით ძალიან სასიამოვნო რამ ყოფილა. ქართველების სიმღერა და შეძახილები საქართველოში ბუნებრივი რამაა და არ გვიკვირს. აი სხვა ქვეყნის სტადიონზე კი ასეთი მონდომება ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით ბევრს ნიშნავს.

ჩვენებს ქართული სიმღერა და ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილი კვიპროსელების გატანილი გამათანაბრებელი გოლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ. ვერ ვიტყვი რომ მთლად ასეთი ქომაგობის გამო, თუმცა ფაქტია, რომ თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, ზურიკო დავითაშვილმა მაინც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა და მცხუნვარე კვიპროსში 2 ათასამდე ქართველის ჩასვლა და ხმის ჩახლეჩვა „აბრეზას“ ბიჭმა საუკეთესოდ გაამართლა.

სტადიონიდან გამოსვლის შემდეგ, ცარიელი ტაქსის შოვნა უფრო რთული ამბავი იყო, ვიდრე შეზარხოშებული ქართველები ნახვა და მათთან ხვევნა-კოცნის და მილოცვების პარალელურად სასტუმროსკენ გზის გაკვლევა. ამიტომაც, გულშემატკივრების უმეტესობა ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 5 კილომეტრით მოშორებული სტადიონიდან სახლებში ფეხით დავბრუნდით.

უცნაურზე-უცნაური გრძნობა ყოფილა, როდესაც თამაშის შემდეგ უცხო ქალაქში ღამით დადიხარ ხუთჯვრიანი დროშებით დამშვენებულ თანამემამულეებთან ერთად და თავი წერეთლის გამზირზე გგონია. თბილისში, წერეთლის გამზირზე ვინ იცის ასე ერთად რამდენჯერ გვივლია ჩვენი ნაკრების თამაშების შემდეგ და სრულიად უცხო ადამიანები ძირითადად მარცხის მიზეზებზე ვლაპარაკობდით. შემდეგ, ვიღლებოდით და ვიშლებოდით. სულ სხვა რამაა გამარჯვება. გამარჯვების შემდეგ ფეხით გასავლელი კილომეტრები არაფერია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10508