ფეხბურთი

2:15 | 20.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ნაკრებში ისევ კონფლიქტია: კურტუამ შეკრება დატოვა

ბელგიის ნაკრების შეკრება ტიბო კურტუამ დატოვა, შესაბამისად, ესტონეთის წინააღმდეგ მადრიდის „რეალის“ მეკარე არ ითამაშებს.

როგორც გაირკვა, კურტუა განაწყენებული დარჩა მთავარი მწვრთნელის დომენიკო ტედესკოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ავსტრიასთან შეხვედრაში კევინ დე ბრუინის არყოფნაში კაპიტნის სამკლაური რომელუ ლუკაკუს გადასცა. გერმანელმა სპეციალისტმა ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა:

„ერთად გადავწყვიტეთ, რომ ავსტრიასთან კაპიტანი ლუკაკუ იქნებოდა და შემდეგ ესტონეთთან ტიბოს ჯერი დადგებოდა. თუმცა, მატჩის შემდეგ ის მოულოდნელად ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ განაწყენებული და იმედგაცრუებული იყო. მე თავიდანვე ვცდილობდი მეჩვენებინა პატივისცემა, ჩემი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო ადამიანია და როგორც ადამიანს, ვაღმერთებ. შოკირებული ვარ, თუმცა სექტემბრამდე დრო გვექნება ამაზე კიდევ ერთხელ სასაუბროდ“, - თქვა ტედესკომ.

ტედესკოს ამ კომენტარს კურტუამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით უპასუხა:

„მოვისმინე მწვრთნელის პრესკონფერენცია, რომელშიც მან ნაწილობრივი და სუბიექტური ახსნა-განმარტება გააკეთა ჩვენს პირად საუბართან დაკავშირებით. მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის პირველი და ბოლო შემთხვევა, როდესაც მწვრთნელს ვესაუბრები გასახდელთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმემ გადაწყვიტა ამაზე საჯაროდ საუბარი. ღრმად იმედგაცრუებული ვარ, თუმცა, მინდა განვმარტო, რომ მწვრთნელის შეფასებები რეალობას არ შეესაბამება.

მას ვთხოვე აეხსნა და მიეღო გადაწყვეტილებები, რათა თავიდან აგვეცილებინა ისეთი სიტუაციები, რომლებიც წარსულში ზიანს გვაყენებდნენ. ნაკრების კაპიტნობა არ არის არც ახირება და არც შემთხვევითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს და ამის ახსნა ვცადე. სამწუხაროდ, მიზანს ვერ მივაღწიე. დაჟინებით ვამტკიცებ, რომ არავითარ შემთხვევაში არაფერი მომითხოვია და ვესაუბრე ჩემს თანაგუნდელ რომელუ ლუკაკუს. ამავდროულად მინდა, განვმარტო, რომ მსგავს თემებზე არცერთ თანაგუნდელთა არ მქონია დისკუსია, როგორც ეს ითქვა. გუშინ ჩავიტარე გამოკვლევა მარჯვენა მუხლის პრობლემაზე. ჩემი კლუბისა და ნაკრების სამედიცინო გუნდი კონტაქტზე იყო და ყველა შესაბამისი მასალა განიხილეს, რის გამოც ვარჯიშის შეწყვეტილების გადაწყვეტილება მივიღეთ“, - დაწერა კურტუამ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრების რიგებში პრობლემები მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო. როგორც სიტუაცია ვერც მწვრთნელის შეცვლამ გამოასწორა.

0.112018