ავტოსპორტი

1:35 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარიმ“ ლე მანის 24 საათი დაბრუნებისთანავე მოიგო

„ფერარიმ“ ლეგენდარული ლე მანის 24 საათის 91-ე რბოლა მოიგო. იტალიური კომპანიის საქარხნო გუნდი ლე მანს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ეს დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. „ფერარისთვის“ ეს სარტეს ტრეკზე ბოლო 58 წელიწადში მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. მარანელოელებმა ამით „ტოიოტას“ გამარჯვებათა სერია (ზედიზედ ხუთი მოგება) შეწყვიტეს.

„ფერარი 499P“, 51 ნომრით, სტარტიდან 342 წრის შემდეგ, პირველი მივიდა ფინიშთან. გამარჯვებული ეკიპაჟის საჭესთან, ერთმანეთს იტალიელი პილოტები - პიერ გვიდი და ანტონიო ჯოვინაცი, ასევე ბრიტანელი ჯეიმს კალადო ცვლიდნენ. მათ უკან მოიტოვეს „ტოიოტა“ ნომრით 8, რომელსაც შვეიცარიელი სებასტიან ბუემი, ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი და იაპონელი რიო ჰირაკავა მართავდნენ. მათ შორის სხვაობა, წუთი და 21 წამი იყო.

მესამე ადგილი დაიკავა „კადილაკის“ ეკიპაჟმა, რომლის საჭესაც ლე მანის ორგზის ჩემპიონი, ახალზელანდიელი ერლ ბამბერი, ასევე ბრიტანელები, ალექს ლინი და რიჩარდ ვესტბრუკი მართავდნენ. ისინი გამარჯვებულს 1 წრით ჩამორჩნენ.

ლე მანის რბოლა პირველად 1923 წელს ჩატარდა, მასზე „ფერარის“ აქამდე ბოლო გამარჯვება 1865 წელს ჰქონდა მოპოვებული, როცა მის ეკიპაჟში ამერიკელი მასტენ გრეგორი და ავსტრიელი (ფ1-ის ჩემპიონი) იოხენ რინდტი შედიოდნენ. სულ კი მარანელოელებს სარტეს რბოლა ათჯერ აქვთ მოგებული.

„ფერარიმ“ რბოლის მიწურულს, გამარჯვება კინაღამ ხელიდან გაუშვა. საწვავის შესავსებად, ბოქსში გვიდი შევიდა, ვისაც გასვლამდე ძრავი ჩაუქვრა. საბოლოოდ, გუნდმა ძრავის დაქოქვა მოახერხა და გვიდი ტრასას დაუბრუნდა. ამ დროს, ის უახლოეს მდევარს 51 წამს უგებდა. მალე ბოქსში „ტოიოტას“ მანქანაც შევიდა... ჰირაკავამ ყველაფერი იღონა დასაწევად და ორჯერ ბარიერსაც კი შეეხო, მაგრამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12412