ლონდონის „ჩელსი“ ახალ მეკარეს ეძებს და ინგლისელთა პირველი არჩევანი „ინტერის“ კარის დარაჯი ანდრე ონანაა.
როგორც ბრიტანული მედია წერს, სატრანსფერო ფასის შესამცირებლად ლონდონელები მზად არიან გარიგებაში კალიდუ კულიბალი ჩართონ და სენეგალელი მცველი „ინტერს“ დაუთმონ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ონანას წასვლის შემთხვევაში „ინტერი“ იან ზომერის (ბაიერნი) და გულიელმო ვიკარიოს (ემპოლი) ვარიანტებს განიხილავს. თავის მხრივ, „ჩელსის“ თუ არ გამოუვიდა კამერუნელი მეკარის ყიდვა, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის შეძენაზე გააკეთოს აქცენტი. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანული მედია ამაზეც წერს, მაგრამ ეს "არისტოკრატებიდან" ედუარ მენდის წასვლაზეც იქნება დამოკიდებული.
სხვათა შორის, მამარდაშვილს „ტოტენჰემსაც“ უკავშირებდნენ, თუმცა, ბოლო ცნობებით, ლონდონური გუნდი დავიდ რაიას შეუთანხმდა, ხოლო ქართველის კიდევ ერთი მსურველი, „ლესტერი“, პრემიერლიგიდან გავარდა, ამიტომ ეს ვარიანტი გამოირიცხა.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში ყველა, 42-ვე მატჩი ჩაატარა.