როლან გაროსის ქალთა ერთეულთა თანრიგი იგა შვიონტეკმა მოიგო. პოლონელმა ჩოგბურთელმა ფინალში ჩეხი კაროლინა მუხოვა, რომლის ფინალში გასვლა მოულოდნელობა იყო, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა, საბოლოოდ კი, ნომერ პირველმა ჩოგანმა 6:2, 5:7, 6:4 იმარჯვა. გარდამტეხი გამოდგა მესამე სეტის მერვე გეიმში პოლონელის უკუბრეიკი, რითაც ანგარიში 4:4 გახადა, მომდევნო ორი გეიმიც მოიგო და ჩემპიონობაც იზეიმა.
შვიონტეკს მხოლოდ 1 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მისმა მეტოქემ 6 ეისი მიითვალა და 3-ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. ვინერსებშიც მუხოვა იყო უკეთესი (30-19-ზე), მაგრამ გამარჯვება მაინც იგამ მოიპოვა.
აქვე გეტყვით, რომ იგა შვიონტეკი როლან გაროსის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მესამედ გახდა.