ფეხბურთი

12:31 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი "სევილიაში?" ანდალუსიელები ბონოს შემცვლელს ეძებენ

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამჯერად „სევილიას“ დაუკავშირეს, სადაც მას იასინ ბონოს შემცვლელად განიხილავენ.

Diario Sevilla-ს ცნობით, მაროკოელი მეკარეს შესანიშნავი თამაშის წყალობით არაერთი ევროპული გრანდი იწვევს და დიდი შანსია მიმდინარე ზაფხულს ანდალუსიური კლუბი დატოვოს. მეორე მეკარე, მარკო დმიტროვიჩმა გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ მზადაა ბონოს შესაცვლელად, თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის გამო „დალაქებს“ აუცილებლად ორი მაღალი დონის კიპერი სჭირდებათ.

ამიტომაც, გაჩნდა მამარდაშვილის იდეა, რომელმაც „ვალენსიაში“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. სევილიელთათვის პრობლემა შეიძლება იყოს ფასი, რადგან ქართველს კლუბი დაახლოებით 35 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო მისი გამოსასყიდი ღირებულება 100 მილიონი ევროა (ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ლოს ჩე“ მას გაცილებით ნაკლებ ფასში არ შეელევა).

გარდა ამისა, სევილიელებს მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ბევრი კონკურენტი ჰყავთ: გიორგის „ვილიარეალს“, „პორტუს“, „ასტონ ვილას“, „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ უკავშირებენ.

გასულ სეზონში მამარდაშვილმა „ვალენსიას“ რიგებში 42 მატჩი ჩაატარა და სეზონის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, კარი მშრალად კი 9-ჯერ შეინახა. 22 წლის კიპერს „ღამურებთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.110733