ქართველი რეფერი გიგა მშვენიერაძე საერთაშორისო ასპარეზზე ერთი ნაბიჯით დაწინაურდა.
შარშან ის რაგბი ევროპამ 7-კაცას კონფერენც დივიზიონის სამსაჯოდ მიიწვია. გიგამ ამოცანას თავი კარგად გაართვა და ფინალის მსაჯობაც ანდეს, წელს კი უფრო მაღალ დონეზე, ალაფაზე მიიწვიეს, რომელსაც 16-18 ივნისს ზაგრები (ხორვატია) უმასპინძლებს.
„ამ დანიშვნამ ძალიან გამახარა. შარშან კონფერენც დივიზიონში ამოცანას კარგად გავართვი თავი და ვფიქრობ, ეს მიწვევა ამის გამოძახილია. მართალია საკუთარ თავს უფრო 15-კაცა რაგბში ვხედავ, 7-კაცას კი განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მაგრამ საერთაშორისო თამაშები გამოცდილების დაგროვებაში მეხმარება. შევეცდები ხორვატიაში თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე, ჩემპიონატზე ავიდე“ – აღნიშნავს მშვენიერაძე, რომელიც შარშან შემოდგომაზე რაგბი ევროპის სუპერ თასის მატჩებზეც იყო მიწვეული ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად.
სასიხარულოა, რომ ქართული სამსაჯო კორპუსი სულ უფრო ვითარდება და ჩვენი მსაჯები სულ უფრო და უფრო მაღალი დონის დანიშვნებს იღებენ: ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს 12 საუკეთესო მსაჯს შორისაა და გახდება პირველი მსაჯი ტიერ2 ქვეყნიდან, რომელიც მსოფლიო თასზე იმსაჯებს; სულხან ჩიხლაძე წელსაც მიიწვიეს 7-კაცას რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და ბონუსად ახლადდაარსებულ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირსაც იმსაჯებს; ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალი მსაჯია, რომელიც რაგბი ევროპის 7-ქალას ჩემპიონატზე იმსაჯებს; მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზეა მიწვეული საბა აბულაშვილი.
„ქართული რაგბის, სამსაჯო კორპუსის და ჩვენი შრომის შედეგად, ქართველმა მსაჯებმა საერთაშორისი ტურნირებში გავიდგით ფეხი, რაც ძალიან კარგია როგორც პირადად ჩვენთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისთვის. ამაში ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის დევიდ მაკქიუს, რომელმაც ჩვენს შრომას მიმართულება მისცა და მიზანი დაგვისახა“ – ამბობს გიგა მშვენიერაძე.
rugby.ge