ფეხბურთი

23:42 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ MLS-ში გადასვლა დაადასტურა: "არ მინდოდა, "ბარსაში" ის ყველაფერი თავიდან განმეცადა"

ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს. როგორც მან აღნიშნა, არ სურდა თავიდან გაევლო ის ყველაფერი, რაც „ბარსელონაში“ უკვე მოხდა, როდესაც კლუბს ტოვებდა. ამიტომაც, ამჯობინა, რომ MLS-ში წასულიყო.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ „მაიამიში“ წავსულიყავი. ჯერ 100%-ით არ დამიხურავს, რაღაცები აკლია, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამერიკაში ვითამაშო. „ბარსელონა“ თუ არ გამოვიდოდა, მინდოდა ევროპა დამეტოვებინა, ყურადღების ცენტრში აღარ ვყოფილიყავი და ჩემ ოჯახზე მეტი დრო დამეთმო.

„ბარსელონაში“ დაბრუნება? ძალიან მინდოდა, აღტაცებული ვიყავი, რომ დაბრუნება შემეძლო, მაგრამ იმის მერე, რაც განვიცადე კლუბის დატოვების დროს, აღარ მინდოდა იგივე სიტუაციაში ვყოფილიყავი. გავიგე, რომ მათ უნდა გაეყიდათ ფეხბურთელები ან მათთვის ხელფასები დაეკლოთ, სიმართლე კი ისაა, რომ არ მინდოდა ამ ყველაფრის გავლა, ან ამაზე პასუხისმგებლობის აღება და ამასთან რაიმე კავშირი მქონოდა.

ამერიკაში ფულის გამო წავედი? ფული რომ ყოფილიყო მთავარი, არაბეთში ან სხვაგან წავიდოდი. სიმართლე ისაა, რომ ჩემი გადაწყვეტილება სხვა რამითაა განპირობებული და არა ფულით“, - თქვა მესიმ.

აღსანიშნავია, რომ მესის ტრანსფერი სოციალურ ქსელში „ინტერ მაიამის“ ერთ-ერთმა თანამფლობელმა, ხორხე მასიმ დაადასტურა. კლუბის საკონტროლო პაკეტების ყველაზე მეტი პროცენტი კი დევიდ ბექჰემს ეკუთვნის.

0.120068