ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, რიგით მესამე თამაშებს კი 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი უმასპინძლებს.
დღეს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალურ მდივანთან ემზარ ზეინაიშვილთან ერთად იმყოფებოდა მესამე ევროპული თამაშებისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე მყოფ კრივის, ტაილანდური კრივის და კიკბოქსინგის ნაკრებ გუნდებთან.
სეოკ-ის პრეზიდენტი დაესწრო ჩვენი გუნდების ვარჯიშს, გაესაუბრა სპორტსმენებს და სამწვრთნელო შტაბს.
ლერი ხაბელოვი: „ორ კვირაში იწყება ძალზე მნიშვნელოვანი კომპლექსური შეჯიბრება, რომელიც წელს მესამედ გაიმართება ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით. წინა ორი თამაშები წარმატებული გამოდგა ჩვენი სპორტსმენებისთვის და იმედი გვაქვს, პოლონეთიდანაც კარგი შედეგებით დავბრუნდებით. სამინისტროს მხარდაჭერით და შესაბამისი სპორტული ფედერაციების აქტიური ჩართულობით, სეოკ-მა იზრუნა იმისთვის, რომ ნაკრებ გუნდებს და ცალკეულ სპორტსმენებს მაქსიმალურად კარგ პირობებში ევარჯიშათ. ახლა მზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ჩვენ დავესწარით საწვრთნელ პროცესს, სპორტსმენები და მათი მწვრთნელები მოტივირებულნი არიან და გულმოდგინედ ემზადებიან."
მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ სპორტის 16 სახეობაში : მშვილდოსნობა, მხატვრული ცურვა, მძლეოსნობა, კრივი, კანოე სპრინტი, წყალში ხტომა, ფარიკაობა, ძიუდო (გუნდური), კიკბოქსინგი, ტაილანდური კრივი, თანამედროვე ხუთჭიდი, შვიდკაცა რაგბი, ტყვიის სროლა, ტაეკვონდო, კარატე, მაგიდის ჩოგბურთი.
მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.
GEONOC.ORG.GE