ფეხბურთი

11:00 | 7.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport მიქაუტაძეზე: "შეუძლია ქართველი მარადონას ალტერ ეგო გახდეს"

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს Gazzetta Dello Sport-მა ვრცელი სტატია მიუძღვა. ჟურნალისტი, ფრანჩესკო ალბანეზი წერს, რომ მიქაუტაძეს „ჩელსი“ და „არსენალი“ აკვირდებიან.

„იტალიის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას მკაფიო ბუმი ცხად რიტორიკას ეფუძნება: ტალანტები არსებობენ თუნდაც ყველაზე ნაკლებად პოპულარულ ხმელეთზე. ერთგვარი რისკი, როგორიც ეს „ნაპოლის“ გარემარბის შემთხვევაში იყო, გიორგი მიქაუტაძე კი შეიძლება მეორე ქართული ვერსია იყოს, რომელიც იტალიის ახალი ჩემპიონის კვალს გაჰყვება. მიზანი ერთია: ისტორიის დაწერა.

გაქცევის ამბავი - 2000 წელს დაბადებული ფრანგი (მაგრამ ნატურალიზებული) ისტორია გაქცევებისგან შედგება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოდან რუსეთთან კონფლიქტის გამო საფრანგეთში მისი მშობლების წასვლა იყო. ისინი ყოველთვის ეხმარებოდნენ გიორგის საფეხბურთო ზრდაში და 1998 წელს საფრანგეთში ჩავიდნენ. 4 წლის ასაკში გიორგი ბურთით ცხოვრობდა და ლიონის აკადემიაში მოხვდა, თუმცა იქ ვერ იპოვა ნამდვილი სიყვარული, რის გამოც კლუბიდან „გაქცევა“ მოუწია. ლიონში ფიქრობდნენ, რომ ის ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო: „ტექნიკა მქონდა, საგოლე ალღოც, მაგრამ მხოლოდ 140 სანტიმეტრი ვიყავი, ძალიან პატარა“, - თქვა მიქაუტაძე რამდენიმე წლის შემდეგ. დღეს კი, სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 24 გოლით და 9 საგოლე პასით ფეხბურთის კიდევ ერთ დაუწერელ კანონს ადასტურებს: ფიზიკის გარეშეც, ნიჭით გატაცება ყოველთის გაიმარჯვებს.

„მეცის“ აღმოჩენა - ვიმყოფებით საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მეცში, სადაც ფეხბურთი და ისტორია აბსოლუტურად ერთიანია. „მეცის“ აკადემია გაიარეს კულიბალიმ, მანემ, ადებაიორმა და პიანიჩმა. მიქაუტაძე უბრალოდ უახლესი დიდი აღმოჩენაა, რომელიც 2017 წლით თარიღდება. 16 წლის ასაკში ის „მეცმა“ გადაიბირა. ბუნებით ცენტრფორვარდია, მაისურის 9 ნომერიც ამაზე მიუთითებს, თუმცა, მისი თამაშის ყურებისას, უფრო კლასიკური შემტევია. როგორც მის „ძმა“ კვარას, მასაც მოსწონს მარცხნიდან შეტევა და მარჯვენა ფეხით დარტყმა. „ნაპოლის“ 77-ე ნომერთან მსგავსება ნამდვილად არის, გოლის ყველანაირად გატანის უნარი აქვს. არაოფიციალური მონაცემები ამბობენ, რომ მას 100-150 გოლი აქვს გატანილი სხვადასხვა ასაკობრივ დონეზე, რაც მოწმობს ფეხბურთელზე, რომელიც კარს ძალიან კარგად გრძნობს. გარდამტეხი იყო 2020-2021 წლების სეზონი, როდესაც „სერენში“ საწყის 9 თამაშში 15 გოლი გაიტანა, სეზონი კი 19 გოლით და ბელგიის უმაღლეს დივიზიონში აღზევებით დაასრულა. ამან „მეცი“ დაარწმუნა, რომ ფეხბურთელი არ გაეყიდა, მიუხედავად იმისა, რომ „სერენში“ ერთი წელი ისევ გაანათხოვრეს, ამჯერად იუპილერ ლიგაში, სადაც 9 გოლი გაიტანა და გუნდს გადარჩენაში დაეხმარა. გასულ ზაფხულს კი „მეცის“ შეტევის გასაღები მიანდეს, რომელსაც ლიგა 1-ში დასაბრუნებელი კარი უნდა გაეღო. ლიგა 1-ში აღზევება კი მოვიდა „ბასტიასთან“ საშინაო მოგებით. ეს იყო დასამახსოვრებელი სეზონი, რომელშიც მიქაუტაძე მძღოლის როლში გახლდათ და 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შედარებები და კუმირები - იარლიყები დიდად არასდროს შეხებია. „ახალი ლაკაზეტი“ - თქვა მისმა ყოფილმა მწვრთნელმა სამირ გუემაზი, სხვები ჟან-პიერ პაპინსაც ადარებენ. მოკლედ, ორი აგური მის მხრებზე, თუმცა ეს მას არასდროს ამძიმებდა. მეორე მხრივ მისი კუმირები იბრაჰიმოვიჩი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. ბედის ირონიით, 2021 წლის 26 მარტს, საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძის დებიუტი შვედეთის ნაკრებთან იმ დროს შედგა, როცა მისი კერპი მოედანს ტოვებდა. „როცა ნაკრებში გამომიძახეს, საერთოდ არ მიფიქრია, ჩემი ოჯახი უზომოდ ბედნიერი იყო“, - თქვა მან ნაკრებში მიწვევაზე. ზოგჯერ მისი აღნიშვნა ჰგავს კრიშტიანუს „Siuuu“-ს, ზოგჯერ ადემოლა ლუქმენის ბინოკლებს, რამაც იტალიაში დიდი დისკუსია გამოიწვია.

„ჩელსი“ უკვე აკვირდება - დიდმა ევროპულმა კლუბებმა მას უკვე მიაქციეს ყურადღება. საფრანგეთში საუბრობენ „ჩელსიზე“, რომელიც რა თქმა უნდა, უკან არ იხევს, როცა საქმე ფულის დახარჯვას ეხება. თუმცა, „არსენალიც“ ფიქრობს. მეორე მხრივ, იტალიაში მას მტკიცედ მიჰყვება „ჯენოა“, რომელიც სერია A-ში დაბრუნდა და „უდინეზე“, რომელიც ბეტოს შემცვლელს ეძებს. საქართველოს ნაკრები არასდროს ყოფილა ისეთი ყურადღების ცენტრში, როგორც წელს და მიზეზი ადვილად გასაგებია, მიქაუტაძეზე ერთი წლით უმცროსი კვარაცხელიას წყალობით სერია A-ს გზა დათესილია, ახლა მიქაუტაძეს შეუძლია „ქართველი მარადონას“ ალტერ ეგო გახდეს“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 2022-2023 წლების სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.111335