თბილისის 7-კაცას გამარჯვებული ‘აკადემია’ გახდა, რომელმაც ორდღიანი ტურნირის ფინალში ‘ტაოს’ 21:12 სძლია.
7-კაცას ტურნირს „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა და მასში 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც სამ ჯგუფში იყვნენ განაწილებული. პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართა და 8 მოწინავე თასის მეოთხედფინალში გავიდა, დანარჩენმა ოთხმა კი მე-9 ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა.
თასის 1/4-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: აკადემია (1) – ლოკომოტივი (8), ტაო (2) – წიქარა (7), არმია (3) – ლელო (6), ყოჩები (4) – იუნკერები (5). ნახევარფინალში ‘აკადემიამ’ ‘იუნკერები’ 26:14, ხოლო ‘ტაომ’ ‘ლელო’ 24:21 დაამარცხა.
ტურნირში ყველა ადგილი გათამაშდა. მე-11 ადგილი ‘გარდასახვამ’ დაიკავა, რომელმაც ‘არაგველებს’ 20:14 მოუგო; მე-9 ადგილისთვის ‘’ვეფხვებმა’ ‘ჯანი’ 26:5 დაამარცხა. ‘წიქარამ’ ‘ლოკომოტივს’ 36:12 სძლია და მე-7 ადგილზე გავიდა, ხოლო ‘ყოჩებმა’ მე-5 ადგილი დაიკავა – ‘არმია’ 26:19 დაამარცხა.
მე-3 ადგილისთვის ‘ლელომ’ ‘იუნკერებს’ 31:21 სძლია და სანახაობრივი ტურნირის გადამწყვეტი მატჩის დრო დადგა. ‘აკადემიასა’ და ფიჯელების ‘ტაოს’ დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. ‘აკადემიამ’ სამი გარდასახული ლელო გაიტანა და 21:12 გაიმარჯვა.
გუნდები საქართველოს 7-კაცას მწვრთნელმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა გია ლაბაძემ და 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ დააჯილდოვეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს მიხეილ ახობაძეს (აკადემია) კუთვნილი ჯილდო ბორჯღალოსანთა საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილმა გადასცა, ხოლო საუკეთესო მელელოვე გიორგი ბოლქვაძე (აკადემია) ბესიკ ჩინჩალაძემ დააჯილდოვა.
17-18 ივნისს ქუთაისის 7-კაცა გაიმართება.
rugby.ge