ჯირო დ’იტალიას ახალი ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი ტურ დე ფრანსზე არ იასპარეზებს. ეს ინფორმაცია მისი გუნდის, „ჯუმბო-ვისმას“ დირექტორმა გამოაცხადა. მისივე განცხადებით, საფრანგეთის რბოლაში, რომელიც 1 ივლისს დაიწყება, გუნდის ლიდერი ტურის მოქმედი ჩემპიონი, დანიელი იონას ვინგეგაარდი იქნება.
„პრიმოჟს ამჯერად სახლში დავტოვებთ“, - განაცხადა „ჯუმბო-ვისმას“ დირექტორმა მერიინ ზეემანმა. 33 წლის როგლიჩს ვუელტა სამჯერ აქვს მოგებული, 2020 წლის ტურ დე ფრანსი კი მეორეზე დაასრულა. მან ჯიროზე გამარჯვება ახლახანს მოიპოვა და საფრანგეთში რბოლის დაწყებამდე, ძალების სრულფასოვნად აღდგენას ვერ მოასწრებდა.
ამგვარად, როგლიჩს სამი დიდი რბოლიდან, ერთის და ყველაზე პოპულარულის - საფრანგეთის ველომარათონის ტიტული აკლია. მისი მოპოვება სამი წლის წინთ შეეძლო, მაგრამ ბოლოსწინა ეტაპზე, თავის თანამემამულე ტადეი პოგაჩარმა გაასწრო, რომელმაც გამარჯვებაც მოიპოვა.
ჯიროზე მსგავსი რამ მოხდა, ოღონდ ამჯერად, თავად როგლიჩმა შემოაბრუნა სიტუაცია და ბრიტანელ გერეინ თომასს (ტურ დე ფრანსის ყოფილ ჩემპიონს), ბოლოსწინა ეტაპზე წაართვა გამარჯვება.