საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის მიერ ზაფხულის ოლიმპიურ საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციის (ASOIF) გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს უჭერს ასპარეზობებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვებაზე IOC-ის რეკომენდაციებს.
"საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილს ესმის, რომ სპორტს რთული დღეები უდგას და მხარს უჭერს ჩვენს შუალედურ მიდგომას. ყოველივე აისახა არა მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების დიდი უმრავლესობის განცხადებებში, არამედ პოლიტიკურ ლიდერთა ბევრ განცხადებაში როგორც გაეროს, ისე სამთავრობათშორისო ორგანიზაციების და სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე. ამის ბოლო მაგალითია იაპონიაში ჩატარებული G7-ის სამიტი."
19 მაისს G7-ის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ პატივს სცემენ სპორტულ ორგანიზაციათა დამოუკიდებლობას, მაგრამ იმავდროულად მომართულები არიან, რომ რუსი თუ ბელარუსი სპორტსმენები შეჯიბრებებზე არ დაიშვან ამ ქვეყნების წარმომადგენლების რანგში.
"ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც იცავს სპორტის ავტონომიას, ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც აწესებს მკაცრ შეზღუდვებს და საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსული და ბელარუსული პასპორტის მქონე სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსის გარანტიას აძლევს," - განმარტავს თომას ბახი.
28 მარტს IOC-ი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების რეკომენდაციით გამოვიდა, ოღონდ მხოლოდ მათი, რომლებსაც უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებიათ და არც რაიმე კავშირში არიან შეიარაღებულ ძალებთან თუ სამსახურებთან. ასევე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი გუნდურ სახეობებში.
geonoc.org.ge