ავტოსპორტი

0:55 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი: ჩვენ ყველა რბოლის მოგება შეგვიძლია

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი ამბობს, რომ „რედ ბულს“ ამ სეზონში ყველა რბოლის მოგების უნარი აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით, ამას ვერ იზამს.

ავსტრიული გუნდის პილოტებს ამ სეზონში ექვსივე რბოლა მოგებული აქვთ, მათგან ორი პირველ ორ ადგილზე დაასრულეს. ამასთან, ყველა მათგანში, ავსტრალიის გარდა (ის რბოლა უსაფრთხოების მანქანის აკომპანიმენტით დასრულდა) დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. გასული სეზონის ჩათვლით, მათ ბოლო შვიდი რბოლა აქვთ მოგებული და ბოლო 17-დან - 15.

„მე ვფიქრობ, ჩვენ ყველა რბოლის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება. ხანდახან რაღაცები არასწორად ხდება, ან შეიძლება რბოლა ვერ დაასრულო. თუ მხოლოდ სიჩქარეს ავიღებთ, ამ მომენტში, ჩვენ ეს შეგვიძლია“, - ამბობს ფერსტაპენი.

ფორმულა 1-ის ისტორიაში, ერთ სეზონში ყველა რბოლა ჯერ არცერთი გუნდის პილოტებს არ მოუგიათ. ასეთ შედეგთან ყველაზე ახლოს „მაკლარენი“ და მისი პილოტები, აირტონ სენა და ალენ პროსტი იყვნენ 1988 წელს. მაგრამ ამაში ხელი გერჰარდ ბერგერმა შეუშალა, ვინც მონცას რბოლა მოიგო. „მერსედესს“ 2016 წელს 21-დან 19 რბოლა აქვს მოგებული.

0.114851