საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა, გიორგი დიხამინჯიამ და თეიმურაზ ორჯონიკიძემ გუნდები შეიცვალეს.
25 წლის გიორგი დიხამინჯია კარიერას ჩეხეთის კლუბ „ლოვოსიცეში“ გააგრძელებს. მან გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა მათ რიგებს 1-ლი ივლისიდან შეუერთდება. ლოვოსიცე ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და წელს მესამე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც, შემდეგ სეზონშუ ევროპის ლიგაზე ითამაშებს. გიორგი დიხამინჯია ბოლოს გერმანულ კლუბ „ლებენაუში“ ასპარეზობდა და წინა სეზონში ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
27 წლის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიურ კლუბ „ოჰრიდში“ განაგრძობს. ორჯონიკიძე გასულ სეზონში ფინური „კოკსის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე უნგრეთის, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიისა და რუმინეთის ჩემპიონატებში უასპარეზია. „ოჰრიდი“ 2011 წელს შეიქმნა და პირველი ორი სეზონის შემდგომ პირველი ლიგიდან სუპერლიგაში გადავიდა. გუნდმა ამ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური და 2024 წელს E ჯგუფში, შვედეთის, ნიდერლანდების და ბოსნიის წინააღმდეგ ითამაშებს.