სხვა

0:24 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია მსოფლიო ჩემპიონატზე: გერმანიამ აშშ დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაცია დაფიქსირდა: გერმანიის ნაკრებმა აშშ ოვერტაიმში დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.



ფინეთსა და ლატვიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი და თუ ტრადიციულად, ჩემპიონატის დაწყებამდე კანადის ფინალისტობას ბევრი ივარაუდებდა, მას თუ გერმანია შეუერთდებოდა, ეს ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი.

დღის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში კანადამ ერთ-ერთი მასპინძელი ლატვია 4:2 დაამარცხა. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ლატვიამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ჩრდილოამერიკელებს და საერთოდაც, ბალტიისპირელებმა მიმდინარე ტურნირზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ლატვია შეხვედრას ორჯერ იგებდა კიდეც, თუმცა მესამე პერიოდში კანადელებმა თამაში დაალაგეს და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.



განსხვავებული იყო მეორე შეხვედრა, სადაც გერმანიასთან მატჩში ფავორიტად აშშ მოიაზრებოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, მეორე და მესამე პერიოდში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. განსაკუთრებით დრამატული იყო გერმანელთა გამათანაბრებელი გოლი მატჩის დასრულებამდე 1:23 წუთით ადრე.

ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც გუნდები ბევრს ფრთხილობდნენ, თუმცა ფრედერიკ ტიფელსის დარტყმამ მიზანს უწია და მოულოდნელად, გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

მესამე ადგილისთვის მატჩი 16:20 საათზე ლატვიასა და აშშ-ს შორის გაიმართება, ფინალი კი 21:20-ზე შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116802