ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ პლეი ოფის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები უშეღავათო ბრძოლით გამოირჩა. გამონაკლისი მხოლოდ ჩემპიონ ‘ლელოს’ დამაჯერებელმა გამარჯვება იყო. ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩები დებულების თანახმად უარეს ნომრიანი გუნდების არენებზე გაიმართა. პლეი ოფის პირველ ეტაპზე, „ოქროს ჯგუფის“ მოწინავე ექვსეულთან ერთად, „ვერცხლის ლიგის“ ორი საუკეთესო გუნდიც მონაწილეობს.
„აია არენაზე“, „ვერცხლის“ ლიგის მეორე ადგილოსანმა ‘აია’-1-მა მოქმედ ჩემპიონ და „ოქროს ჯგუფის“ რეგულარული სეზონის გამარჯვებულ ‘ლელოს’ უმასპინძლა. ‘ლელოს’ დამრიგებელმა პაატა მაისურაძემ შემადგენლობის როტაციის პრინციპით, ძირითად შემადგენლობაში მარქაფადან რამდენიმე მორაგბე დააწინაურა, რაც ჩემპიონის თამაშის ხარისხს არ დატყობია.
პირველივე წუთებიდან ‘ლელო’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, რიონისპირელებს ყველა სარაგბო კომპონენტში აღემატებოდა, გაშლილ თამაშში მასპინძლებს ხელდახელ 10 უპასუხო ლელო დაუდო და საპასუხო შეხვედრაც ფორმალობად აქცია. ‘ლელოს’ მარბიელი მიხეილ შიოშვილი „პოკერით“ გამოირჩა, კაპიტანმა და მღლეტელმა ლუკა საღინაძემ კი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა – 62:0.
„ვერცხლის ლიგის“ გამარჯვებული რუსთავის ‘ხარები’ ელიტას 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და პლეი ოფის პირველ შეხვედრაში მეორე ადგილოსან ‘ხვამლს’ „ხარები არენაზე“ დაუხვდა. მატჩის დებიუტში ფულბეკ გიორგი სვანიძის გატანილი ჯარიმით მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ტაიმის დარჩენილმა დრომ მუხიანელთა იერიშებში ჩაიარა, რაც კაპიტან გიორგი ბოჩიკაშვილის, ფრთა საბა წიკლაურისა და მხტომელ ნიკოლოზ შარაშენიძის დადებულ ლელოებში აისახა. რატი ურუშაძის ბიჭები შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.
მეორე ტაიმში ‘ხარებმა’ ტემპს უმატა და უკეთაც ათამაშდა. მგეზავ დავით მაკოევის გატანილი ლელო სვანიძემ გარდასახა და ანგარიშში ჩამორჩენა 7-ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში მუხიანელებმა თავი კარგად დაიცვეს და ბოლო წუთებზე სტუმართა კონტრიერიში მგეზავმა ლუკა თვაურმა გარდაუსახავი ლელოთი დააგვირგვინა. ‘ხვამლმა’ პირველი რაუნდი 22:10 მოიგო.
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | პლეი ოფი ჩემპიონის დამაჯერებელი მოგებით დაიწყო
„რაგბი ჭალაში“, ‘არმია’-‘ბათუმი’-1-ის შეხვედრა დრამატული გამოდგა. „არმიელებს“ რეგულარულ სეზონში ორივე მატჩი მცირე სხვაობით ქონდათ წაგებული და რევანშის სურვილით აღვსილნი დებიუტში ფრთა საბა ნატროშვილის გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, თუმცა სახიფათო მაღალი ბოჭვის გამო კაპიტან დავით ბარბაქაძის წითელი ბარათით გაძევების შემდეგ, გია ჯავახიშვილის შეგირდებს ფავორიტთან გამკლავება ტაიმნახევრის განმავლობაში კაცნაკლულებს მოუხდათ.
შესვენებაზე ‘ბათუმი’ 5-ქულიანი უპირატესობით წავიდა. აჭარელთა კაპიტანმა ანრი ბერიძემ მეტოქის შეტევა ჩაჭრა და მატჩის პირველი ლელოს ავტორად იქცა. სტუმართა შუამარბმა ანრი დევაძემ კი ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. რთულ მდგომარეობაში მყოფი ‘არმია’ გააფთრებით იბრძოდა და ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილმა ლელოს დადება მოახერხა. ნატროშვილმა ზუსტ გარდასახვას, გატანილი ჯარიმაც დაურთო და 5-ქულიანი სხვაობით წინ ‘არმია’ გაიჭრა.
გიორგი სვინტრაძის შეგირდები კვაჭ ნიკა ბერიძის გარდასახულმა ლელომ გამოაფხიზლა. ‘არმია’ გამარჯვების იმედს არ კარგავდა და მეტოქეს რამდენჯერმე მწვავედ შეუტია, თუმცა ნაჩქარევ ქმედებათა გამო ხეირი ვერ ჰპოვა. გარდამტეხი მატჩის ბოლო 10 წუთი გამოდგა. მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ, რითაც კარგად ისარგებლეს ბათუმელებმა. ფულბეკ ანრი ხოზრევანიძისა და მარბიელ ალექსანდრე ჭურკვეიძის გატანილი ლელოებით გიორგი სვინტრაძის ბიჭები აჭარის დედაქალაქში გასამართ საპასუხო შეხვედრას 14-ქულიანი მარაგით ხვდებიან – 27:13.
„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘აიას’ შეხვედრაში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. მატჩის მეორე ნახევარში მეტოქეებს ნერვებმა უმტყუნათ და ორმხრივი ხშირი კინკლაობის დასაშოშმინებლად მთავარ არბიტრს ჯიბეზე ხელის გაკვრა არაერთხელ მოუხდა. წითელ-ყვითელი ბარათების ფრიალში „მხატვრები“ მეტად დაზარალდნენ, რომელთაც მეტოქეზე ერთით მეტი, 2 წითელი ბარათი მიიღეს. აღნიშნულმა გარემოებამ მატჩის სპორტული მხარე მაქსიმალურად დააკნინა. გუნდებმა სპორტული, საბრძოლო განწყობის დაბრუნება ვერაფრით შეძლეს და მეორე ტაიმმაც სამატჩო ქულების გარეშე განვლო.
შეხვედრის დებიუტში ‘აკადემიამ’ რიონისპირელები რამდენჯერმე დააჯარიმა და მგეზავ დემეტრე დევდარიანის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა. „მხატვრების“ მსგავსად, ‘აიაც’ აქცენტს სტატიკაზე აკეთებდა და მორკინალთა აქტიური თამაშის წყალობით 2 ძალისმიერი ლელოს გატანა მოახერხა. თავი სტუმართა მღლეტელმა ლუკა ნარსიამ და კვაჭმა ილია ჯანგავაძემ გამოიჩინეს.
რიონისპირელების ლელოთა შუა, ასევე ძალისმიერი ლელო (დევდარიანმა გარდასახა) ‘აკადემიას’ კვაჭმა გიორგი აღნიაშვილმა გაიტანა, რამაც მასპინძლებს ანგარიშში დაწინაურების ხელმეორე შესაძლებლობა მისცა. ტაიმის მიწურულს კი ‘აიას’ ხაზის გააზრებული და ეფექტური კომბინაცია ლელოთი ფულბეკმა საბა შარვაშიძემ დააგვირგვინა. ‘აიას’ მგეზავმა კაპიტანმა თეიმურაზ ძოძუაშვილმა სამივე გარდასახვა გამოიყენა და პირველი რაუნდის შემდეგ საკუთარ გუნდს 11-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა – 21:10.
rugby.ge