თურქული „კარაგუმრუკიდან“, რომლის რიგებში საბა ლობჟანიძე თამაშობს, ანდრეა პირლო გაათავისუფლეს.
იტალიელი სპეციალისტის სამსახურიდან გაშვების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. „კარაგუმრუკმა“ ბოლო ტურში „ტრაბზონსპორთან“ 1:4 წააგო (საბა ლობჟანიძემ საგოლე პასი გააკეთა), რაც პირლოს ძვირად დაუჯდა.
„ვინაიდან მომდევნო სეზონისთვის ანდრეა პირლოსა და მის შტაბთან თანამშრომლობის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს, კლუბი აძლევს მათ უფლებას ვადაზე ადრე დატოვონ კლუბი, რაც შეიძლება დაეხმაროთ თავიანთი მომავლის უკეთ დაგეგმვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანდრეა პირლო „კარაგუმრუკს“ გასული ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მას მანამდე „იუვენტუსში“ აქვს ნამუშევარი, რომელსაც 2020-2021 წლების სეზონში იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ მაინც დაითხოვეს. საბა ლობჟანიძე „კარაგუმრუკს“ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ იჯარით შეუერთდა და ბოლო დროს პირლო მუდმივად ძირითადში ათამაშებდა.
"კარაგუმრუკმა" ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით 44 ქულა მოიპოვა (11 მოგება, 11 ფრე, 12 წაგება) და სუპერლიგაში მეცხრე ადგილზეა.