ფეხბურთი

13:39 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

თვითგვემა იტალიურად, დიდი წარმატებების ფონზე

შეთქმულებების თეორიების არასოდეს მჯეროდა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და სადისციპლინო კომიტეტი მოწოდებულია იმისთვის, რომ როდესაც იტალიურ საკლუბო ფეხბურთში სასიკეთო ძვრები იწყება, პოზიტიური წინსვლა ადგილზევე ჩაკლან და არ დაუშვან. სხვაგვარად ვერ ვხსნი იმ მუდმივ სკანდალებსა და გარჩევებს, რასაც ადგილი იტალიაში თითქმის ყოველ წელს აქვს და რასაც უკვე შევეჩვიეთ კიდეც.

აბა რა იყო ტურინის „იუვენტუსისთვის“ ჯერ ქულების ჩამოკლება, მერე უკან დაბრუნება და შემდეგ ისევ ჩამოკლება? ეს სერიოზული საქციელია? ასეთი დამოკიდებულება შეიძლება პირველყოვლისა ქომაგების მიმართ, რომლებიც „სერია ა“-ს ჯერ კიდევ უხვად ჰყავს? წელი ისე არ გავა, ვინმეს ქულები რომ არ დააკლონ, ათას მაიმუნობაში რომ არ ამხილონ და უკვე ყოველგვარ ლოგიკურ ზღვარს სცილდება დასანქცირებული თუ დასანქცირებისთვის გახაზირებული ადამიანების რიცხვი.

არავის გვგონია, რომ იტალიური ფეხბურთში ფრთიანი ანგელოზები ტრიალებენ და ჩაწყობილი თამაშები ან სატრანსფერო მაქინაციები მათთვის უცხოა, მაგრამ როცა ხედავ რომ ასეთი ქმედებები არ მუშაობს და პრობლემა პრობლემად რჩება, რაღაც სხვა ხომ შეიძლება მოიმოქმედო? ეს სიტუაცია ყველაზე მეტად სწორედ იტალიის ჩემპიონატს აზიანებს და მსგავსი სკანდალებით აპენინებზე ბოლო დროს არსებული სასიხარულო ძვრებიც კი იფარება და ქარწყლდება.

მე პირადად წარმოუდგენლად მეჩვენება, სამივე ევროტურნირის ფინალში ესპანური გუნდი რომ გასულიყო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მსგავსი ტინგიცობა და ქულების დაკლება-მომატების აბსურდი რომ ექნა. ინგლისი ამ წარმატებას ისე გააპიარებდა, რომ ყოველდღე მთელს მსოფლიოს შეგვიკლავდნენ ხელში პრემიერლიგის განსაკუთრებულობაზე ქადაგებით. ეს იტალიელები კი ხომ თითქოს მოხერხებული და უნარიანი ხალხია, მაგრამ როდესაც წინსვლაა და ამ წინსვლის წარმოსაჩენად უნდა გაისარჯოს ყველა, სწორედ მაშინ იციან ხოლმე „კალჩოპოლის“ და მსგავსი სკანდალების წამოწყება.

ხომ გახსოვთ „კალჩოპოლის“ დროსაც რა მოხდა? უამრავი ხალხი დასაჯეს, არაერთ კლუბს დაადეს ფინანსური სანქციები, ზოგს ქულები ჩემპიონატის დაწყებისთანავე ჩამოაკლეს, ფეხბურთელებს გარკვეული ხნით ბურთთან გაკარება აუკრძალეს, ტურინის „იუვენტუსი“ საერთოდ რანგით მეორე ლიგაში მიაბრძანეს და ამით საბოლოო ჯამში რა გამოვიდა? იტალიურ ფეხბურთს კარგი რომ არაფერი დამართნია იმითაც ჩანს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება 12 წლის მანძილზე აპენინური კლუბებისთვის მიუღწეველი რამ იყო და შარშან მოურინიოს გაწვრთნილ „რომას“ კონფერენს ლიგა რომ არ მოეგო, საერთოდ ევროტურნირებზე მიღწეული წარმატებაც კი დავიწყებული ჰქონდათ.

მოკლედ, მე იმის თქმა, მინდა, რომ ახლა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული მორიგი არაფრისმომტანი სიგიჟის ნაცვლად მთელი იტალია უნდა ზეიმობდეს და ლომბარდიიდან-სარდინიამდე სიხარულის ყიჟინა უნდა იდგეს, რადგან სამივე ევროტურნირის ფინალში იტალიური გუნდები გავიდნენ. მსგავსი წარმატება ყველასთვის სასიხარულო და სანატრელია.

არადა, შეხვალ იტალიური საინფორმაციო სააგენტოების ვებ-გვერდებზე და ყველა ისევ ამ საზიზღარი ქულების მომატება-დაკლებას განიხილავს. ეს იტალიელები მე მგონი ქართველებს მართლა ძლიან გვგვანან. ამაში მაინც ყოველ შემთხვევაში.

0.11736