ფეხბურთი

0:51 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დემორალიზებული "იუვენტუსი" "ემპოლისთან" განადგურდა, "ლაციო" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

„იუვენტუსი“ ჯერ ევროპა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდა, მერე სერია A-ში დაბრუნებული 15 ქულიდან 10 ისევ დააკლეს და ამ ინფორმაციის გაჟღერებიდან ნახევარ საათში „ემპოლისთან“ მოედანზე სათამაშოდ გავიდა.

დემორალიზებულმა „იუვემ“ კი ტოსკანურ გუნდთან 1:4 წააგო. ისტორიაში პირველად „ემპოლიმ“ ტურინულ გრანდს 4 გოლი გაუტანა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში იყო გადაწყვეტილი, როცა ტურინელები 0:2 ჩამორჩნენ. მეორე ნახევარში „ემპოლი“ არ გაჩერდა და მისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ვინ იცის, კიდევ როდის აჯობებს „იუვენტუსს“ ასე მარტივად.

მასიმილიანო ალეგრის გუნდი აბსოლუტურად დემორალიზებულია, ეს სეზონი კლუბისთვის პრაქტიკულად დასრულდა. 10 ქულის დაკლების შემდეგ „იუვეს“ 59 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა! ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა პრაქტიკულად უტოპიური ამოცანაა, აი, ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლა „ბებერ ქალბატონს“ ჯერ კიდევ შეუძლია. 28 მაისს, „იუვე“ „მილანს“ უმასპინძლებს.

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსს" ქულები დააკლეს, ჩემპიონთა ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე "ლაციომ" გაინაღდა. რომაული გუნდი ახლა 68 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო სეზონში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ითამაშებს.

დღესვე „რომამ“ შინ „სალერნიტანას“ ვერ მოუგო, მეტიც, ორი გოლი გაუშვა და ორჯერ აგებდა, მაგრამ ქულა გადაარჩინა. ჟოზე მოურინიოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება და იქ მოხვედრა თუ უნდა, ევროპა ლიგის მოგება უნდა სცადოს, სადაც ფინალში „სევილიას“ შეხვდება.

„ემპოლი“ – „იუვენტუსი“ 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 კაპუტო (18, პენ), 2:0 ლუპერტო (21), 3:0 კაპუტო (48), 3:1 კიეზა (85), 4:1 პიკოლი (90)

„რომა“ – „სალერნიტანა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კანდრევა (12), 1:1 ელ შაარავი (47), 1:2 დია (54), 2:2 მატიჩი (83)

0.113177