რაგბი

14:15 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ‘აკადემია’ 5 ქულით დაწინაურდა

დიდი 10-ის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს ‘აკადემია’-‘არმიას’ ორრაუნდიანი დედაქალაქური დერბი არკვევს. ‘აკადემიამ’ დიდი 10-ის სეზონი ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე ჩაამთავრა, ‘არმიამ’ კი დიდ 10-ში ასვლა/დარჩენაზე თამაშის უფლება პირველი ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შედეგად მიიღო. მეტოქეთა 2-მატჩა დაპირისპირების პირველი რკენა, მატჩის ნომინალურ მასპინძელ ‘არმიას’ შერჩეულ სტადიონზე, „ავჭალა არენაზე“ გაიმართა.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ლიგებში ასპარეზობის მიუხედავად, მეტოქეებს ზურგს მდიდარი ტრადიციები უმაგრებთ. ‘არმიამ’ ისტორიაში პრიზიორთა კვარცხლბეკს 5-გზის უწია და 2011 წელს ქვენის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ‘აკადემიას’ აქტივში კი 4 პოდიუმია (2-2 ვერცხლი და ბრინჯაო). გარდა ამისა, ორივე გუნდში მრავლად ირიცხებიან გამოცდილი, მრავლისმნახველი მორაგბეები.

თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გუნდები ზომაზე მეტად ნერვიულობდნენ და მატჩიც დაბალ ტემპში, პაუზების თანხლებით წარიმართა. ‘აკადემია’ დებიუტშივე დაეუფლა უპირატესობას, რასაც ჯერ გიორგი ნოდიას, მერე კი შალვა ზვიადაურის სინბინი მოყვა და ‘არმიამ’ 25-ე წუთამდე ფაქტობრივად კაცნაკლულმა ითამაშა.

„მხატვრები“ სანდრო მარგიანის ჯარიმით მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა ტერიტორიული და რიცხობრივი უპირატესობა მეტად ქულებში ვერ ასახეს. მათ მხოლოდ 35-ე წუთზე მოახერხეს მეორე შედეგიანი შეტევის ორგანიზება და დერეფნიდამ აგორებული მოლი ლუკა ივანიშვილის ლელოთი დასრულდა, რასაც მარგიანმა ზუსტი გარდასახვა დაურთო. ‘არმიამ’ პირველი სამატჩო ქულები ტაიმის ბოლო ხუთწუთეულში, გამოცდილი კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის გატანილი წყვილი ჯარიმით აიღო და შესვენების წინ მეტოქე 4-ქულიან უპირატესობას დააჯერა. ტაიმი ‘აკადემიამ’ – 10:6 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხარაზიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან გატანილი ჯარიმით ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რასაც ‘აკადემიას’ მორიგი აფეთქება მოჰყვა. „მხატვრებმა“ კარში დასარტყამი ჯარიმა მეტოქის 5-მეტრიანში, აუტში გადაიტანეს. დერეფანიდან კი ჩვეული მძლავრი მოლით მატჩის მეორე ლელო ‘აკადემიას’ კვაჭმა ლაშა შალიკაშვილმა გაიტანა. მარგიანმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მეტოქეთა წაკინკლავებას ‘აკადემიას’ მღლეტელ შალვა ნახუცრიშვილის სინბინი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საბა აბულაშვილმა თავი დაკისრებულ მოვალეობას ჩინებულად გაართვა და ურთულესი მატჩის სადავეები ხელთ ბოლომდე შეინარჩუნა. მეტობაში ყოფნის პერიოდში ‘არმიამ’ 3 დასარტყამი ჯარიმა გამოიმუშავა, თუმცა ხარაზიშვილმა მხოლოდ ერთის გატანა მოახერხა – 17:12. თავის მხრივ ‘აკადემია’ ჯარიმის კარში დარტყმას ჯიუტად უარობდა. ‘არმიელთა“ დაცვა მოლში „მხატვრებს“ პერიოდულად აჯარიმებდა, რის გამოც დარჩენილ დროში თორნიკე კალანდარიშვილის ბიჭებმა სამატჩო მონაგარი ვეღარ გაამდიდრეს. ‘არმიამ’ კი ლელოს გატანის ყველაზე რეალური შანსი მატჩის ბოლო წუთზე მიიღო.

„გაწითლებულ“ დროზე ‘არმიამ’ მეტოქის 5-მეტრიანს ძალუმად უტია, მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სველი ოვალის წინ ვარდნამ ლევან ობოლაძის შეგირდებს მატჩის ხსნის შესაძლებლობა არ მისცა. პირველი რაუნდი ‘აკადემიამ’ – 17:12 მოიგო და წყვილში გამარჯვებულ გუნდს (შესაბამისად, დიდი 10-ის ბინადარს), „რაგბი პლატოზე“ 28 მაისს, მეტოქეთა საპასუხო შეხვედრა გაარკვევს.

RUGBY.GE

0.113252