რაგბი

23:28 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის ცენტრალ 7 | 7-კაცა ჩემპიონია! 7-ქალამ მხოლოდ ფინალი დათმო

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა პარიზის „ცენტრალ 7“-ის მოსამზადებელი ტურნირი წარმატებით ჩაატარეს და ვაჟებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, გოგონებმა კი ერთადერთი შეხვედრა ფინალში დათმეს. ეს არის პირველი შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში, როდესაც 7-კაცამ და 7-ქალამ ერთიდაიმავე ტურნირის ფინალში ითამაშეს!

შეგახსენებთ, გუნდები ზაფხულში გასამართი ოფიციალური ტურნირებისთვის ემზადებიან – 7-კაცას რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი ეტაპი და 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი ელის, ხოლო 7-ქალა რაგბი ევროპის „ალაფის“ ორ ეტაპზე ითამაშებს.

„ცენტრალ 7“ ორივე გუნდისთვის პირველი მოსამზადებელი ტურნირი იყო. პარიზის 7-კაცაში 10-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ორ 5-გუნდიან ჯგუფში იყვნენ განაწილებული. ჯგუფში 4-4 თამაშის შემდეგ, ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავიდა.

ვაჟებმა გახსნით მატჩში ‘სევენთინს’ ერთი ლელო გაუტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მეტოქემ 24:5 იმარჯვა, თუმცა ჯგუფური ეტაპის მომდევნო სამივე შეხვედრა მოიგეს – ‘ორსეისთან’ 57:5, გერმანიასთან 33:24 და ‘სვიზერსთან’ 33:5, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ბურკინა ფასო 26:12 დაამარცხეს და გადამწყვეტ მატჩში ‘გადფაზერს’ შეხვდნენ.

ფინალში ლელოთი მალევე დავწინაურდით, მაგრამ ტაიმის მიწურულს საჯარიმო ლელოთი დავისაჯეთ და თანაც 2 წუთით მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით, თუმცა შესვენებამდე და მატჩის განახლების შემდეგ, საქართველომ ორი გარდასახული ლელო მიითვალა და მეტოქეც გატყდა. შედეგად, ‘გადფაზერს’ კიდევ სამი ლელო გავუტანეთ და 36:7 გამარჯვებით, საქართველოს 7-კაცა პარიზის „ცენტრალ 7“-ის გამარჯვებული პირველად გახდა.

„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან ბიჭებს შრომა დაუფასდათ. ნებისმიერი გამარჯვება თავში, გულში თუ ფეხებში, სხვანაირ თავდაჯერებულობას გმატებს და ეს მნიშვნელოვანია. პარიზის „ცენტრალი“ ოფიციალური თამაშების წინ პირველი მოსამზადებელი ტურნირი იყო და ის მივიღეთ, რასაც ველოდით. ახლა ტურის ტურნირისთვის მოვემზადებით, რომელიც მომავალ კვირაში გვექნება. სამწუხაროდ გვყავს ორი ტრავმირებული მოთამაშე. ვიმედოვნებთ, რომ დაზიანებები რთული არ აღმოჩნდება, მანამდე კი, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მათ ნაცვლად ორ მორაგბეს დავიმატებთ. გეგმაზომიერად მივდივართ მიზნისკენ, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი ქვია“ – განაცხადა ფინალის შემდეგ 7-კაცას მწვრთნელმა გია ლაბაძემ.

7-ქალას ტურნირში 8 გუნდი ორ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდა. პირველი დღე ჯგუფური ეტაპების იყო და გოგონებმა ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმეს – მათ ჯერ ‘ტუკს’-ი დაამარცხეს 22:10, მერე მთავარ კონკურენტ ‘სავვი სევენს’ ერთი გარდასახვით, 17:15 სძლიეს, ბოლოს კი ‘სვიზერს’ მოუგეს 26:17. მეორე დღეს, 1/4-ფინალში ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა ფრანგულ ‘ლიმსეტს’ 24:17 აჯობეს, ნახევარფინალში კი ‘უონდერსი’ 20:5 დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ, სადაც გერმანიას შეხვდნენ, რომელიც ჩვენს 7-ქალაზე რანგით უფრო ძლიერ, რაგბი ევროპის ჩემპიონატში თამაშობს და ფინალშიც 33:5 იმარჯვა.

„ეს იყო გოგონების თავდაუზოგავი შრომისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგი. წლებია პარიზის ტურნირზე ვთამაშობთ და ასეთი შედეგისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ფინალში შევხვდით გერმანიას, რომელიც ელიტაში თამაშობს და მათთან დაპირისპირებით დიდი გამოცდილება შევიძინეთ, რაც სამომავლოდ აუცილებლად წაგვადგება. მთელმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა და შედეგიც ამ ერთოანობის შედეგია, თუმცა მწვრთნელებს თამაშში მხოლოდ მინიმალური კორექტივები შეგვქონდა და წარმატებაში ლომის წვლილი მოთამაშეებს მიუძღვით“ – დასძინა 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრები საფრანგეთში რჩება, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლიან და 26-28 მაისს ორივე ტურის ტურნირში ჩაერთვებიან.

პარიზის ტურნირზე ითამაშეს:

7-კაცა: სერგი ჩხაიძე (ყოჩები), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), საბა კურტანიძე (ხვამლი), ბექა გელხვიძე (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), ნიკა თეზელაშვილი (ყოჩები), გიორგი კურტანიძე (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

7-ქალა: თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), ნათია გავაშელი (რუსთავი), სალომე საღარაძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (თბილისი), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანანო ხაბულიანი (ლოკომოტივი), სალომე ოთარაშვილი (ლოკომოტივი), ლიკა ბჟალავა (ლოკომოტივი).

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

RUGBY.GE

0.116169