კალათბურთი

18:24 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა მოიგო – ჯერი მწვრთნელებზე, მოთამაშეებზე და ჟურნალისტებზეა

სამიდან ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა მოგებულია – გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოსაგებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ინტერნეტით მიმდინარე გამოკითხვა, რომელიც ინსტაგრამისა და ესპანური ლიგის აპლიკაციით მიმდინარეობდა, დიდი უპირატესობით მოიგო.

ხმის მიცემა 25 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და საქართველოს ნაკრების 34 წლის კალათბურთელმა 29.2% მიიღო, მე-2 ადგილზე მადრიდის რეალის ბოსნიელი ლეგიონერი ძანან მუსა (19.1%) გავიდა, მესამეზე კი – რიო ბრეოგანის ამერიკელი მოთამაშე ეთან ჰაპი (9%).

შეგახსენებთ, რომ გასული წლების მსგავსად, საუკეთესოს დასახელებაში მონაწილეობას თავად კალათბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და ქომაგები იღებენ. მოთამაშეების და მწვრთნელების შემთხვევაში, პროცედურა იდენტურია: 18 კლუბის კაპიტნები და თავკაცები სამ საუკეთესოს ასახელებენ (შესაბამისად, 3, 2 და 1 ქულა დაერიცხებათ), ოღონდ საკუთარი გუნდელების არჩევა არ შეუძლიათ.

მედიიდან ხმის მიცემის უფლება 51 ჟურნალისტს აქვს, ქულების განაწილების სქემა კი სხვაგვარია: მოწინავე სამეული შესაბამისად, 1, 0.7 და 0.3 ქულას მიიღებს. ქომაგების შემთხვევაში, კალათბურთელებს იმდენი ხმა ერგებდათ, რამდენ პროცენტსაც მიიღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინს MVP-ს ტიტული 2020-21 წლების სეზონში აქვს მოპოვებული და თუკი ამ დიდ წარმატებას კიდევ ერთხელ მიაღწია, ლეგენდარულ კალათბურთელებს – არვიდას საბონისს, ტანოკა ბერდს, ლუის სკოლას, ფელიპე რეიესსა და ნიკოლა მიროტიჩს გაუთანაბრდება. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც ესპანეთში აღნიშნული ჯილდო 3-ჯერ აქვს მოპოვებული, დერილ მიდლტონია.

34 წლის შერმადინს ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში 29 მატჩი აქვს ჩატარებული და ასეთი საშუალო სტატისტიკა გააჩნია: 22:11 წუთი, 14.6 ქულა, 5.5 მოხსნა, 1.2 პასი, 66.5% ორქულიანებში, 86.2% საჯარიმოებში, სარგებლიანობის კოეფიციენტი 19.2.

GBF.GE

0.120943