ფეხბურთი

17:10 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი მომდევნო წელს კარიერას დაასრულებს

ლეონარდო ბონუჩიმ მომდევნო წელს ფეხბურთიდან წასვლა დააანონსა. როგორც მან „იუვენტუსის“ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, 2024 წელს კარიერას დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ მას „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 1 წლის შემდეგ ეწურება.

„მომდევნო წელს თამაშს შევწყვეტ და ვფიქრობ, ჩვენი დაცვითი ოთხეულის (ბუფონი, ბონუჩი, კიელინი, ბარძალი) ეპოქა დაიხურება. იმედი მაქვს, რომ ბევრი მომავალი მცველისთვის ისეთივე კუმირები ვიქნებით, როგორც ჩვენი თაობისთვის იყვნენ ბარეზი, ნესტა, მალდინი და კანავარო. თუ ასე მოხდება, ნიშნავს, რომ ბევრს მივაღწიეთ და ფეხბურთს ბევრი რამ მივეცით“, - თქვა ბონუჩიმ.

იტალიური მედია წერს, რომ ბონუჩი მომავალ წელს „იუვენტუსს“ ნამდვილად დატოვებს, თუმცა, შეიძლება კარიერა არ დაასრულოს და ამერიკას მიაშუროს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბონუჩი მწვრთნელობას დაიწყებს.

ლეონარდო ბონუჩიმ კარიერა „ინტერში“ დაიწყო, სადაც 2005-2007 წლებში 4 მატჩი ჩაატარა. შემდეგ მან „ტრევიზოში“, „პიზასა“ და „ბარიში“ ითამაშა, ხოლო 2010 წელს „იუვენტუსს“ შეუერთდა, სადაც დღემდე 500 მატჩში 37 გოლი გაიტანა, 8-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 4-ჯერ იტალიის თასი, 5-ჯერ იტალიის სუპერთასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. „იუვენტუსში“ მასზე მეტჯერ მხოლოდ ჯუზეპე ფურინოს (528), გაეტანო შირეას (552), ჯორჯო კიელინის (561), ჯანლუიჯი ბუფონსა (685) და ალესანდრო დელ პიეროს (705) უთამაშიათ. ტურინულ გუნდში ბონუჩის მატჩების სტატისტიკა უფრო მდიდარიც იქნებოდა, 2017-2018 წლების სეზონში „მილანში“ რომ არ გადასულიყო.

იტალიის ნაკრებში ბონუჩი 2010 წლიდან თამაშობს და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა, რადგან ფინალში გოლი გაიტანა, გარდა ამისა, ნახევარფინალსა და ფინალში პენალტების სერიაშიც გამოიჩინა თავი და დაცვის ხაზის ლიდერი იყო. 2012 წელს ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალსაც დაეუფლა. „სკუადრა აძურაში“ ბონუჩის აქტივში დღემდე 120 მატჩი და 8 გოლია. იტალიის ნაკრების ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბონუჩი მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს (176), ფაბიო კანავაროს (136) და პაოლო მალდინის (126) ჩამორჩება.

0.113652