რაგბი

23:51 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | პირველი სპარინგისთვის საფრანგეთში

უმცროსი ბორჯღალოსნები, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ აღდგენილი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დღეს გამთენიისას სპარინგ-მატჩის გასამართად საფრანგეთში გაემგზავრნენ.

2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატს 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა უმასპინძლებს. საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის, იტალიის და არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებს, რის შემდეგაც ფლეი ოფის კიდევ ორ შეხვედრას გამართავს.

მანამდე ლადო კილასონიას შეგირდებს სამი საკონტროლო თამაში ელით – ერთი საფრანგეთთან და ორიც ინგლისთან. გუნდმა 4-კვირიანი მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და პირველ თამაშს 18 მაისს, საფრანგეთში მასპინძლების წინააღმდეგ გამართავს.

„დავასრულეთ 4-კვირიანი შეკრება, რომლის დროსაც აქცენტი ფიზ. მომზადებაზე, სარაგბო უნარებსა და ტაქტიკაზე კეთდებოდა. ბიჭებმა კარგად იმუშავეს და კმაყოფილი ვარ, ახლა კი მზადების მეორე ეტაპი იწყება, რომელიც სამ მაღალი დონის თამაშს მოიცავს“ – ამბობს ლადო კილასონია და სირთულეებთან დაკავშირებით განაგრძობს:

„18 ლეგიონერი გვყავს და წელს განსხვავებული გრაფიკი გვაქვს. ეს ბიჭები თებერვლის შემდეგ ერთად არ ყოფილან. ლეგიონერთა ნაწილი საფრანგეთში შემოგვიერთდება და მათგან ნაწილი ინგლისთან თამაშისთვის თბილისში გამოგვყვება, თუმცა უმრავლესობის გუნდები ჯერ კიდევ თამაშობენ საფრანგეთის ჩემპიონატს. ამიტომ სრული შემადგენლობით მხოლოდ ჩემპიონატის წინ თუ შევიკრიბებით“.

18 მაისს, საფრანგეთის 20-წლამდელთა პირველ შემადგენლობასთან თამაშის შემდეგ, უმცროსი ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და ინგლისის 20-წლამდელებთან მატჩებისთვის მოემზადებიან, რომელსაც 27 მაისს და 1 ივნისს „ავჭალაზე“ გამართავენ.

საფრანგეთში ითამაშებენ

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), ლუკა უნგიაძე (არწივები), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ბადრი ციხისთავი (ბაიონი), გიგა თუთისანი (კლერმონი), დავით მჭედლიშვილი (ლელო), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), ოთარ კინწურაშვილი (ანგულემი), გიორგი ქურხული (პროვანსი), გიორგი გერგედავა (კლერმონი), ლაშა ციხისთავი (ბაიონი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), დავით ვარდანიძე (აია), ნიკა ლომიძე (ხარები);

ხაზი: დავით ხუროშვილი (ლელო), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), გელა ხელაძე (ლელო), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დიტო ბერაია (ლელო), ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ლუკა ხორბალაძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა კობაური (პერპინიანი), საბა არჩვაძე (ლელო).

RUGBY.GE

0.111677