საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტური იმერული დერბით დაიწყო, რომელშიც „სამგურალმა“ „ტორპედოს“ სტუმრად იოლად, 3:1 აჯობა.
გიორგი ჭელიძის გუნდი გასაოცარ ფორმაშია და ზედიზედ მერვე თამაში მოიგო! „სამგურალს“ გიორგი ნიქაბაძემ მოაგებინა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა, ჰეთ-თრიქი შეასრულა. ქუთაისელებმა ბოლოს გიორგი არაბიძის გოლით შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მეტი ვერაფერი გააწყვეს.
„სამგურალმა“ ზედიზედ მერვე მოგებით 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 20 მაისს, „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს.
„ტორპედოს“ კახა ჩხეტიანის გათავისუფლებამ ჯერჯერობით არ უშველა. იმერული გუნდი კრიზისშია, მხოლოდ 20 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა, წინ კი 20 მაისს, „თელავთან“ საგარეო თამაში ელოდება.
„ტორპედო“ – „სამგურალი“ 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ნიქაბაძე (3), 0:2 ნიქაბაძე (44), 0:3 ნიქაბაძე (53), 1:3 არაბიძე (87)