ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში „ვალენსიამ“ ვიგოში „სელტა“ დაამარცხა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ელიტაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
„ღამურებმა“ გუნდის ლიდერის, ედინსონ კავანის გარეშე ითამაშეს, რომელსაც დისკვალიფიკაცია ჰქონდა, მაგრამ მაინც მოიპოვეს 3 ქულა იმის მიუხედავად, რომ სტუმრად თამაში მიმდინარე სეზონში „ვალენსიასთვის“ სერიოზული პრობლემაა.
ანგარიში კარგი შეტევის შედეგად მერვე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა გახსნა. მე-60 წუთზე „სელტამ“ გაათანაბრა. ჰარის სეფეროვიჩმა თავით გაუტანა გიორგი მამარდაშვილს, მაგრამ ქართველ მეკარეს არაფრის გაკეთება შეეძლო. 88-ე წუთზე „ლოს ჩემ“ გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა, რომელიც 21 წლის ალბერტო მარის აქტივშია. მან ლა ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო და თანაც, რა მნიშვნელობის.
კარგი თამაში ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც კარი მშრალად ვერ შეინახა, მაგრამ 5 მოგერიება მიითვალა და გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა.
„ვალენსიამ“ ამ გამარჯვებით 37 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე აინაცვლა, თუმცა, სიმშვიდის საფუძველი მაინც არ აქვს, რადგან გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულითაა მოშორებული. ზოგადად, ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში სიმჭიდროვეა. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 34 შეხვედრაში 41 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა. „ვალენსია“ მომდევნო ტურში 21 მაისს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.