„მონცას“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელე პალადინომ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ახალგაზრდა სპეციალისტმა აღნიშნა, იტალიის ჩემპიონთან თამაში მათთვის დიდი სტიმულია. პალადინომ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის გაჩერება შეუძლებელია, მაგრამ მათ შეზღუდვას ეცდებიან.
„ვეთამაშებით უმაღლესი დონის გუნდს, რომელიც ძალიან კარგადაა მომზადებული, მაგრამ საუკეთესოებთან დაპირისპირება ჩვენ გვსიამოვნებს. „მონცასთვის“ ეს მოწიფულობის გამოცდა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის განმავლობაში ეს უკვე ვაჩვენეთ. „ნაპოლისთან“ თამაში ჩვენთვის სტიმულია.
კვარაცხელია და ოსიმენი? ჩემპიონების შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ ვეცდებით შევზღუდოთ. კვარა და ოსიმენი ორივე ფენომენია, თუმცა, ვეცდებით მათ მაქსიმალურად შეზღუდვას. სპალეტის დიდ პატივს ვცემ, როგორც პიროვნება, მხიბლავს. საჭიროა საუკეთესოებისგან ისწავლო და ვფიქრობ, ამ მომენტში ის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელია“, - თქვა პალადინიმ.
შეგახსენებთ, რომ „მონცასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. იტალიური მედიის ვარაუდით, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.