ჯირო დ’იტალიას მეშვიდე ეტაპი სამთო რბოლა იყო და ის იტალიელი დავიდე ბაისის გამარჯვებით დასრულდა. ის და ორი მისი მეტოქე - ჩეხი კარელ ვაჩეკი და იტალიელი სიმონე პეტილი, ფინიშამდე 20 კილომეტრით ადრე, პელოტონს შვიდწუთნახევარს უგებდნენ და ეს უპირატესობა ხელიდან არც გაუშვიათ.
პელოტონმა ყველაფერი იღონა დაწევისთვის, მაგრამ სამეული ბოლომდე მაღალ ტემპს ინარჩუნებდა. რბოლისას, მათ აღმართებით რომელთა ჯამური სიგრძე 45 კილომეტრი იყო, ვერტიკალურად 3 900 მეტრი ასწიეს. ბოლოს, როდესაც დათოვლილ აღმართს შეუყვნენ, ვაჩეკი ჩამორჩა და თითქოს, გამარჯვებისთვის ბრძოლა ორ იტალიელს დაუთმო, მაგრამ შემდეგ გამოცოცხლდა და ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე, მათ ისევ შეუერთდა.
ბოლო კილომეტრზე, სამივე მეტოქეებისგან ელოდა შეტევის დაწყებას, თუმცა 25 წლის ბაისმა ბოლო ძალა მოიკრიბა და წინ გაიჭრა. მან მეტოქეები უკან მოიტოვა და ბოლო 200 მეტრი მარტომ გაირა. ფინიშთან მეორე ვაჩეკი მივიდა. პიტელი კი მესამე ადგილს დასჯერდა. ბაისისთვის (ეოლო-კომეტა) ეს პროფესიონალურ კარიერაში პირველი გამარჯვებაა.
„ეს ჩემი პირველი პრო-გამარჯვებაა. ეს მოულოდნელი იყო, რადგან დაწინაურებულებს იმისთვის გავყევი, რომ (თანაგუნდელი) ლორენცო ფორტუნატოსთვის შეტევის შესაძებლობა მიმეცა. ის ჩვენი გუნდისთვის შთაგონების წყაროა, რადგან ორი წლის წინათ, მთა ზონკოლანზე გაიმარჯვა. ფინიშის წინ ვიცოდი, რომ სამეულში ყველაზე სწრაფი ვიყავი და ხელსაყრელ მომენტს დაველოდე, რის შემდგაც გადამწყვეტი შეტევა დავიწყე“, - განაცხადა ბაისმა.
მიმდნრე ჯიროზე ეს მეორე შემთხვევაა, როცა ეტაპი იტალიელებმა მოიგეს. პირველი გამარჯვება მეორე ეტაპის სპრინტერულ ფინიშზე, ჯონათან მილანმა მოიპოვა.
საერთო ჩათვლაში ლიდერობა შეინარჩუნა ნორვეგიელმა ანდრეას ლეკნესუნდმა (ტიმ DSM), ვინც მეორეზე მყოფ ბელგიელ რემკო ევენეპოელს ისევ 28 წამს უგებს. სწორედ ევენეპოელმა მოიგო დანარჩენი პელოტონის სპრინტერული ფინიში, თუმცა გამარჯვებულს სამ წუთზე მეტით ჩამორჩა.