ძიუდო

20:15 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მაისურაძემ ლაშა ბექაური დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონია! 25 წლის ქართველმა ფინალში, მისი თანამემამულე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური დაამარცხა.

ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტები დაუპირისპირდნენ.

90 კგ წონით კატეგორიაში მოლოდინისამებრ ფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ყველაფერი დამატებით დროში, ოქროს ქულამ გადაწყვიტა, რომელიც მაისურაძემ ბრწყინვალე გდებით მოიპოვა და ვაზარით მოიგო. სხვათა შორის, ისინი ცოტა ხნის თბილისის გრანდ სლემის ფინალშიც შეხვდნენ და მაშინ გამარჯვება ბექაურს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ორივემ მოახერხა შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება, რადგან მაშინ ორივემ ბრინჯაო მოიპოვა, ამჯერად უფრო მაღალი ხარისხის მედალი მოიპოვეს.

ლუკა მაისურაძისთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს მესამე მედალი იყო კარიერაში (1 ოქრო, 2 ბრინჯაო), ხოლო ლაშა ბექაურისთვის - მეორე (1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

როგორ მივიდნენ ლაშა და ლუკა ფინალამდე?

ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი იპონით იოლად დაამარცხა ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი. შემდეგ ლაშამ ვაზარით სერბ ნემანია მაიდოვთან იმარჯვა, მეოთხედფინალში რუს მანსურ ლორსანოვს ორი ვაზარით და შესაბამისად, იპონით სძლია. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა, რომელთანაც ვაზარით აგებდა, მაგრამ შემდეგ ორი ვაზარი აიღო, იპონით იმარჯვა და ფინალში ასე გავიდა.

მაისურაძეც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ჯერ უნგრელი როლანდ გოზი და მერე თურქი მიჰაელ ზგანკი ბრწყინვალე სტილში, იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ლუკა ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს გაეჯიბრა და დამატებით დროში მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელი კრისტიან პარლატი ვაზარით დაამარცხა და ფინალამდე ამგვარად მივიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის 4 მედალია: 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), 1 ვერცხლი (ლაშა ბექაური), და 1 ბრინჯაო (გიორგი სარდალაშვილი). აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქრო ისტორიაში პირველად აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119172