ძიუდო

17:22 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი ფინალშია!

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ ბრწყინვალედ იასპარეზეს და ოქროს მედლისთვის ერთმანეთს გაეჯიბრებიან, რაც საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა.

ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი იპონით იოლად დაამარცხა ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი. შემდეგ ლაშამ ვაზარით სერბ ნემანია მაიდოვთან იმარჯვა, მეოთხედფინალში რუს მანსურ ლორსანოვს ორი ვაზარით და შესაბამისად, იპონით სძლია. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა, რომელთანაც ვაზარით აგებდა, მაგრამ შემდეგ ორი ვაზარი აიღო და იპონით იმარჯვა, შესაბამისად ფინალში არიან.

მაისურაძეც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ჯერ უნგრელი როლანდ გოზი და მერე თურქი მიჰაელ ზგანკი ბრწყინვალე სტილში, იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ლუკა ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს გაეჯიბრა და დამატებით დროში მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იტალიელი კრისტიან პარლატი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი ისტორიაში პირველად იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს დაეუფლა.

0.1336